ასეთი ლინზების ტარებამ შეიძლება თვალის გაღიზიანება, სიწითლე ან მხედველობის დაბინდვა გამოიწვიოს
დეფექტური აღმოჩნდა Dailies total 1-ისა და Total 30-ის კონტაქტური ლინზების ცალკეული პარტიები
სამშაბათს, 3 სექტემბერს, ესპანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტომ (Aemps) გამოაცხადა, რომ ბრენდ Alcon-ის მიერ წარმოებულმა, 175 პარტიაში შემავალმა ყოველდღიური და ყოველთვიური მოხმარების კონტაქტურმა ლინზებმა, რომლებიც უკვე გაყიდულია, შეიძლება მხედველობის გაღიზიანება ან დაბინდვა, ასევე რიგი სხვა გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს.
სააგენტომ თავად მწარმოებლისგან, ამერიკული კომპანია Alcon Laboratories-ის ესპანური შვილობილი კომპანია Alcon Healthcare-ისგან მიიღო ინფორმაცია, რომლის თანახმად, Dailies total 1-ისა და Total 30-ის კონტაქტური ლინზების ზოგიერთი პარტიის წარმოება შეწყდა, რადგან ისინი ხარისხის სტანდარტებს და ეტიკეტზე მითითებულ ვარგისიანობის ვადას ვერ აკმაყოფილებენ.
გვერდითი ეფექტები: თვალის გაღიზიანება, სიწითლე ან მხედველობის დაბინდვა
ამ პარტიებში შემავალი კონტაქტური ლინზების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დროებითი პრობლემები, როგორიცაა თვალის გაღიზიანება, სიწითლე ან ბუნდოვანი მხედველობა, რაც Aemps-ის თქმით, ლინზების ამოღების ან გამოცვლის შემდეგ, როგორც წესი, ქრება.
ამ პრობლემის შესახებ ოპტიკოსებს და მომხმარებლებს Alcon აფრთხილებს. თავის მხრივ კი, მედიკამენტებისა და სამედიცინო პროდუქტების სააგენტო იმ ადამიანებს, ვინც ეს პროდუქტი შეიძინა, სთხოვს, მისი გამოყენება შეწყვიტონ და გადაცვლის მიზნით, ოპტიკის იმ მაღაზიებს მიმართონ, სადაც ის იყიდეს.
სამთავრობო სააგენტო ოპტიკის მაღაზიებს ასევე მოუწოდებს, საკუთარი მარაგები გადაამოწმონ და, თუ წუნდებულ პროდუქციას აღმოაჩენენ, მათი გაყიდვა შეწყვიტონ, ხოლო დეფექტური ლინზები გადაყარონ. იმ შემთხვევაში, თუ წუნდებული ლინზები უკვე გაყიდულია, ოპტიკის მაღაზია მომხმარებლებს უნდა დაუკავშირდეს, პრობლემის შესახებ აცნობოს, ლინზების გადაყრა სთხოვოს და სხვა პარტიებიდან ახალი ლინზები მიაწოდოს.
წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი