2024 წლის 14-დან 24 ნოემბრამდე ბელგიაში ციხის ეროვნული დღეები იმართება, რაც სასჯელაღსრულების სისტემისა და ციხის პრაქტიკის გაანალიზების შესაძლებლობას იძლევა.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ისეთი სასჯელების რაოდენობა, რომელიც ელექტრონულ ზედამხედველობას ითვალისწინებს, ფრანგულენოვან ბელგიაში თითქმის გაორმაგდა. 2021 წლიდან ეს პროცესი ძალიან დაჩქარდა. იგივე ტენდენციაა ფლანდრიაც: გასულ წელს ზრდამ აქ 30 პროცენტი შეადგინა.

ყოველივე ამის შედეგად, ბელგიაში დღეს ელექტრონულ სამაჯურს 11 000-ზე მეტი ადამიანი ატარებს. მათი რიცხვი ციხეში მყოფი პატიმრების რაოდენობას თითქმის უტოლდება.

რატომ არის ელექტრონული სამაჯური ასე პოპულარული მოსამართლეებში?

ამას რამდენიმე დადებითი მხარე აქვს: თეორიულად, ეს შესაძლებელს ხდის ციხეების გადატვირთულობასთან ბრძოლას, რამაც ბელგიაში ყველა რეკორდი მოხსნა; გარდა ამისა, ეს საშუალებას აძლევს მსჯავრდებულს, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, ვადამდე გათავისუფლების, შინაპატიმრობის ან პირობითი პატიმრობის შესაძლებლობა მიიღოს.

ერთი სიტყვით, ელექტრონული სამაჯური პატიმრობის მავნე შედეგებს თავიდან აცილების საშუალებას იძლევა და ხელს უწყობს სოციალურ რეინტეგრაციას.

რა მდგომარეობაა ამ სფეროში?

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების თქმით, რეალური სურათი ნაკლებად ვარდისფერია. „რეაბილიტაციის ხელშეწყობის ნაცვლად, სამაჯური გახდა კისერზე ჩამოკიდებული რეინტეგრაციის წისქვილის ქვა“, - აცხადებს „ადამიანის უფლებების ლიგა („Ligue des Droits Humains“).

ეს ყალბი თავისუფლებაა.

ყოფილი პატიმარი ელექტრონული სამაჯურის შესახებ

ამ ადამიანს სუფთა წარსული ჰქონდა, სანამ 50 წლის ასაკში კომერციულ საქმეზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ. ელექტრონული სამაჯური მან ცოტა ხნის წინ მოიხსნა: „ეს არის ყალბი თავისუფლება. როცა შხაპს იღებ, როცა იცვამ, იცი, რომ ვიღაც გითვალთვალებს“. ის საუბრობს იზოლაციის შესახებ, აღწერს პერიმეტრს, რომელიც სკურპულოზურად უნდა იყოს დაცული, სახლის ზოგიერთი ოთახის ჩათვლითაც კი და გვიყვება სეირნებისთვის მკაცრად განსაზღვრული დროის შესახებ, როდესაც ყოველგვარი დაგვიანება უნდა გამოირიცხოს.

ყოფილი პატიმრის თქმით, პროფესიულ რეინტეგრაციასთან ამ რიტმის შეხამება ძალიან ძნელია: „თუ დილის 10 საათზე სამუშაოს მოსაძიებლად წახვალ, უნდა მოითხოვო ცნობა, სად იყავი“.

იურიდიული დახმარების პროექტ Asbl Rizome-ის მენეჯერი, ჟან ვანდერ ვი ყოფილი პატიმრის ნათქვამს ეთანხმება. „იარე გასაუბრებებზე, ისაუბრე შენს სამაჯურზე - ეს ყველაფერი ნამდვილად ძნელია. ეს ადამიანები გვიყვებიან ძალიან მკაცრი სისტემის შესახებ, რომელიც ძნელი ასატანია და რომელმაც ისინი შეიძლება ციხეში დაბრუნების აზრამდეც კი მიიყვანოს. პირადად მათთვის ან მათი ოჯახებისთვის ეს ზოგჯერ აუტანელია“.

ჟან ვანდერ ვი დასძენს: „ვისაც შემოსავალი არ აქვს და სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა, პატიმრის შემწეობას იღებს, რომლის ინდექსაცია 2007 წლის შემდეგ აღარ მომხდარა“.

პატიმრის შემწეობა თვეში საშუალოდ 650 ევროა მარტოხელა ადამიანისთვის, თანაცხოვრების დროს კი - 450 ევრო.

ასრულებს თუ არა ელექტრონული ზედამხედველობა თავის მთავარ ამოცანას?

ციხეების გადატვირთულობის წინააღმდეგ ბრძოლა: ეს მიზანი ოფიციალურ ვებსაიტებზე შავით თეთრზე წერია.

თუმცა, ბოლო თითქმის 30 წლის განმავლობაში საფრანგეთში ელექტრონული სამაჯურების გამოყენების სტატისტიკა საპირისპიროს აჩვენებს.

ელექტრონული სამაჯურების გამოყენება სტაბილურად იზრდება, თუმცა დანაშაულის მაჩვენებელზე ეს მაინცადამაინც არ აისახება.

ლუვენ-სენტ-ლუის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი, ოლივია ნერდერლანტი განმარტავს: „როდესაც ჩვენ საპატიმრო სასჯელის შესამცირებლად სხვა ალტერნატივას ვიყენებთ, ეს უკანასკნელი პირველს კი არ ცვლის, არამედ ავსებს მას. სტატისტიკა აჩვენებს, რომ როდესაც პატიმრობის მისჯის მაჩვენებელი იზრდება, ასევე იზრდება ელექტრონული სამაჯურების გამოყენებაც“.

ერთი სიტყვით, ციხეში ან ელექტრონული ზედამხედველების ქვეშ სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, დანაშაულის მაჩვენებელი კი არსებითად არ იცვლება.

მეორე მხრივ, სისხლის სამართლის პროფესორის აზრით, „პირობითი განთავისუფლება, ასევე იურიდიული ასისტენტის მხარდაჭერა, რომელიც არა მხოლოდ გაკონტროლებთ, არამედ გეხმარებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ დარეგისტრირდეთ სადაზღვევო კომპანიაში, ხელახლა აიღოთ პირადობის მოწმობა, მოიძიოთ სამსახური და ა.შ. - ყოველივე ეს ძალიან პოზიტიური ზომები, შეიძლება ითქვას, ერთგვარი საჩუქარიც კი არის“.

წყარო: 1 არხი