განახლებადი რესურსების გენერაციამ გასულ წელს გლობალური ელექტროენერგიის წარმოებაში რეკორდული, 32%-იანი წილი დაიკავა - ამის შესახებ Ember-ის ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ანგარიშს Reuters-ი ავრცელებს.
დოკუმენტის მიხედვით, შარშან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ჯამურად 4%-ით გაიზარდა, რასაც მონაცემთა ცენტრების პოპულარობას უკავშირებენ. როგორც ანგარიშში წერია, გასულ წელს ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 0.7%-ით ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ცენტრების გამრავლების ხარჯზეგაიზარდა. 0.7%-იანი წვლილი აქვს ცხელ ამინდსაც, რა დროსაც გაგრილების სისტემებზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო.
2024 წელს ქარის, წყლისა და მზის რესურსები სრულ გენერაციაში 2023 წლის 30%-ს უტოლდება. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიამ გენერაცია 858 ტერავატ/საათით გაზარდა, რაც მეტია, ვიდრე გაერთიანებული სამეფოსა და საფრანგეთის ჯამურ წლიური მოხმარება.
ელექტროენერგიის გენერაციაში მთავარი წყარო კვლავ ქვანახშირი რჩება, რომლის წილი შარშან 34%-ს გაუტოლდა, რაც 2%-ით უფრო დაბალია, 2023 წლის მაჩვენებელზე. გაზის ელექტროსადგურების კონტრიბუცია 22%-ს შეადგენს, ხოლო ბირთვული ენერგიის წარმოების წილი 9%-ია.
კვლევის ავტორი ვარაუდობს, რომ ენერგოუსაფრთხოებასთან დაკავშირებული შფოთვა და ტრამპის წამოწყებული სავაჭრო ომი, განახლებად ენერგიაზე მოთხოვნას მიმდინარე წელსაც გაზრდის.
“ქვეყნები უფრო მეტს ფიქრობენ თავდაცვასა და ენერგოუსაფრთხოებაზე, ანუ, განახლებადი ენერგია მათთვის უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება”, - ეუბნება Reuters-ს იუან გრემი.