ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაური, ანდრუს მერილო აცხადებს, რომ დრონების გაუვალი კედლის შექმნა შეუძლებელია და ამ ფრაზამ („დრონების კედელი“) საზოგადოებას ცრუ იმედი არ უნდა გაუჩინოს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა განახორციელა, რუსულმა, ბელარუსულმა და უკრაინულმა დრონებმა ბალტიის ქვეყნების, ასევე პოლონეთისა და რუმინეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის მოსაზღვრე ქვეყნები ამჟამად განიხილავენ ე.წ „დრონების კედლის“ მხარდაჭერას, რათა ალიანსის წევრი სახელმწიფოები შეჭრისგან დაიცვან. ეს იქნება არა ფიზიკური კედელი, არამედ უპილოტო თვითმფრინავების აღმოჩენისა და ჩაჭერის სისტემებისგან შემდგარი მრავალშრიანი ქსელი, რომელიც ალიანსის წევრი სახელმწიფოების ანტი-დრონულ შესაძლებლობებზე იქნება აგებული. ამ პროექტს ევროკავშირის მხარდაჭერა უკვე აქვს.

საინფორმაციო სააგენტო „დელფის“ კითხვაზე, თუ რას ფიქრობს „დრონების კედელზე“, მერილომ განაცხადა, რომ ამ ფრაზამ უსაფრთხოების ცრუ განცდა არ უნდა შექმნას.

„შეუძლებელია ისეთი დრონების კედლის აშენება, რომელსაც ვერცერთი დრონი ვერ გაარღვევს,“ - განუცხადა მან გამოცემას ვრცელ ინტერვიუში.

„უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი საფრენი აპარატი მაინც მოახერხებს კედლის გადალახვას. თუმცა, ეფექტური მრავალშრიანი საჰაერო თავდაცვის სისტემის შექმნა შესაძლებელია. აღჭურვილობის ნაწილი უკვე შეკვეთილია და ჩვენსკენ მოემართება. მისი ინტეგრირება სწრაფად უნდა მოხდეს, მაგრამ არასდროს იქნება სიტუაცია, როდესაც რაღაც ღვთაებრივი ხელი ყველა უბედურებას აგვარიდებს - არ აქვს მნიშვნელობა, ომის რომელ სფეროზე ვსაუბრობთ ესტონეთის კონტექსტში“.

კოპენჰაგენის, ოსლოსა და მიუნხენის აეროპორტების დახურვის გამომწვევი დრონების დაფიქსირებაზე საუბრისას, მერილომ აღნიშნა, რომ „ასეთ მცირე რაოდენობის დრონებთან გამკლავება შესაძლებელია, თანაც საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად“.

თუმცა, იქვე განმარტა, რომ, შესაძლოა, ამისთვის ჯერ კანონის შეცვლა გახდეს საჭირო და ეს უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხალხს დისკომფორტი შეექმნება.

„ეს უნდა გავაკეთოდ. თუ ტალინის აეროპორტის გარშემო შეიქმნება ზონები, სადაც ელექტრონული ჩამხშობების სწრაფად ჩართვა იქნება შესაძლებელი და ამის გამო, ვინმეს მობილური ტელეფონი არ იმუშავებს, მაშინ, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, ხალხმა არ უნდა იწუწუნოს, რომ ადამიანის უფლებები იზღუდება,“ – განაცხადა ესტონეთის თავდაცვის ძალების მეთაურმა.

წყარო: 1 არხი