ტექნოლოგიებისა და ონლაინ-ვაჭრობის ამერიკულმა გიგანტმა, Amazon-მა 2025 წლის მე-4 კვარტალის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა. შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12%-ით გაიზარდა და $213.39 მილიარდი შეადგინა, რაც, საშუალოდ, $2 მილიარდით აღემატება უოლ-სტრიტის ექსპერტების მოლოდინებს და განპირობებული Amazon-ის შვილობილი, ქლაუდ ინფრასტრუქტურის კომპანია AWS-ის შემოსავლების მკვეთრი ზრდით. კონკრეტულად, თუ 2024 წლის ბოლო სამ თვეში კომპანიამ $28.69 მილიარდი მიიღო, იგივე პერიოდში 2025 წელს 24%-იანი ზრდა ფიქსირდება, რაც რიცხვებში $35.58-მილიარდს უდრის.
იმის მიუხედავად, რომ წინა წლის მე-4 კვარტალთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა წმინდა მოგება და $21.19 მილიარდი შეადგინა, Amazon-მა ინვესტორებზე იმაზე ნაკლები დივიდენდი გასცა, ვიდრე ანალიტიკოსები მოელოდნენ. კერძოდ, თითო აქციაზე გაიცა $1.95, პროგნოზი კი იყო - $1.97.
Amazon-ის წარმატებული ფინანსური შედეგები სრულად გადაფარა კაპიტალური ხარჯების მოსალოდნელზე მკვეთრმა ზრდამ. კერძოდ, 2026 წელს ტექნოლოგიური კომპანია მონაცემთა ცენტრების ინდუსტრიის განვითარებაზე $200 მილიარდის დახარჯვას გეგმავს. გასული წელს ეს მაჩვენებელი $131 მილიარდს არ სცდებოდა. ინვესტორებმა საკმაოდ უარყოფითად მიიღეს ჯეფ ბეზოსის კომპანიის გადაწყვეტილება და ამის გამო აქციების ფასები ერთიანად 8%-ით დაეცა. ინვესტორებს არ მოსწონთ ტექნოლოგიური კომპანიების მიერ თანხების ისეთ სექტორში ჩადება, რომელიც მოკლევადიანად ნაკლებადაა შემოსავლიანი. თუმცა, როგორც Amazon-ის აღმასრულებელი დირექტორი, ენდი ჯასი განმარტავს, დიდი ხარჯები დიდი მოთხოვნითაა განპირობებული, განსაკუთრებით კი იმ კომპანიების მხრიდან, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობენ და მუდმივად სჭირდებათ ხარისხიანი ინფრასტრუქტურა. ცნობისთვის, ქლაუდ ინფრასტრუქტურის მხრივ ბოლო წლებში Amazon-ი სერიოზულ კონკურენციას უწევს Microsoft-ს, Google-სა და Oracle-ს.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც კომპანიამ ინვესტორებთან შეხვედრისას დააანონსა, არის ის, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში სამუშაო ძალას დამატებით 16,000 თანამშრომლით შეამცირებს. ეს საოპერაციო ხარჯების კლებას და მოგების ზრდას გამოიწვევს, თუმცა უმუშევრად დატოვებს უამრავ ადამიანს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემცირებები Amazon-მა 2024 წლის მიწურულსაც დააანონსა და ჯამურად წელს 30,000 ადამიანი გაუშვა. მათი უმრავლესობა Amazon-ის ტრადიციულ ბიზნესში იყო დასაქმებული.