2025 წელი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტექნოლოგიური კომპანიების დომინაციის წელი იყო. ხელოვნური ინტელექტის ბუმის, მონაცემთა ცენტრების რაოდენობის რეკორდული ზრდის და კოლოსალური შემოსავლების მიღების ფონზე, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა ყველანაირ მოლოდინს და რეკორდს გადააჭარბეს.

წლის უდავო ლიდერი NVIDIA იყო, რომლის საბაზრო შეფასებამ რეკორდულ $4 ტრილიონს, შემდგომ კი 5 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. ასეთი სწრაფი ზრდა ისტორიაში არცერთ კომპანიას არასოდეს ჰქონია, რაც იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ მთელი AI-ინდუსტრია დღეს სწორედ ჯენსენ ჰუანგის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები სწორედ მასთან იყო დაკავშირებული.

აშშ-ის რეალურ ეკონომიკურ ზრდას ტექნოლოგიური გიგანტები განაპირობებენ

წინა კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 4.3%-ით გაიზარდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.

ერთი შეხედვით, მშპ-ის ასეთი მკვეთრი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადად იზრდება, თუმცა დეტალურ მონაცემებზე დაკვირვება განსხვავებულ სურათს გვიხატავს და მკაფიოდ ვხედავთ K-ის ფორმის ეკონომიკური ზრდის ტენდენციას, ანუ აცდენას საშუალო და მაღალ ფენებს შორის.

საქმე ისაა, აშშ-ის ეკონომიკის თითქმის 40% ტექნოლოგიურ კომპანიებზე და AI სტარტაპებზე მოდის, ანუ რეალური ეკონომიკური ზრდა არა ბიზნესების და მომხმარებლების, არამედ 10-მდე გიგანტური კომპანიის და რამდენიმე სტარტაპის მიერ არის გენერირებული.

თავად ამ ზრდის უდიდესი ნაწილი AI ინფრასტრუქტურაში განხორციელებულ ინვესტიციებზე მოდის, რაც მონაცემთა ცენტრების მოწყობას, ცირკულარულ გარიგებებს და NVIDIA-ს ჩიპების რეკორდულ შესყიდვას უკავშირდება.

რატომ არის ეს პრობლემა? – საქმე გვაქვს ექსტრემალურ კონცენტრაციასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტალის უდიდესი ნაწილი და ეკონომიკური გამომუშავების ძირითადი სიმძლავრე 10-მდე კომპანიაშია კონცენტრირებული, რაც ორ პრობლემას ქმნის: უთანასწორობას და დამოკიდებულებას.

მართალია, თუ ტექნოლოგიური გიგანტები AI რევოლუციით სარგებელს მიიღებენ, ამით მათი ინვესტორები შესაბამისად იხეირებენ, თუმცა ეს სარგებელი მოსახლეობაზე პროპორციულად არ განაწილდება, რაც უთანასწორობას უფრო მწვავე პრობლემად აქცევს, ვინაიდან, მოსახლეობის ტოპ 1% უფრო მეტი აქტივის და სიმდიდრის აკუმულირებას შეძლებს.

მეორე საკითხი კი დამოკიდებულებაა, თუკი ტექნოლოგიური გიგანტები შეეცდებიან და AI იმედებს ვერ გაამართლებს, ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ფინანსურ დარტყმას მიიღებს, რომლის თავიდან არიდება და რომლისგან დივერსიფიცირება ფაქტობრივად შეუძლებელია. მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკელების და გლობალური ფინანსური სისტემის ბედ-იღბალი ამჟამად NVIDIA-ზე, Microsoft-ზე, Google-სა და OpenAI-ზეა დამოკიდებული.

NVIDIA სტარტაპ Groq-ს $20 მილიარდად ყიდულობს

NVIDIA AI-ჩიპების მწარმოებელ სტარტაპ Groq-ს რეკორდულ 20 მილიარდ დოლარად ყიდულობს.

ეს გარიგება NVIDIA-ს არსებობის ისტორიაში ყველაზე მსხვილი შენაძენია, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს 2019 წელს Mellanox-ის 7 მილიარდ დოლარად შესყიდვის ტრანზაქციას.

ხელშეკრულების ფარგლებში, NVIDIA მიიღებს წვდომას Groq-ის უნიკალურ ტექნოლოგიაზე, რომელიც სპეციალიზებულია AI-ჩიპების წარმოების პროცესზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მოდელების მუშაობის სისწრაფესა და ეფექტურობას მკვეთრად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ შეთანხმება ფორმალურად არა კომპანიის სრულად შთანთქმას, არამედ ტექნოლოგიების ლიცენზირებასა და საკვანძო კადრების გადაბირებას გულისხმობს.


Tesla-ს შეფასება რეკორდულად გაიზარდა

წელს Tesla-ს შეფასებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს, 1 ტრილიონ 650 მილიარდ დოლარს მიაღწია.

წლის დასაწყისიდან დღემდე ილონ მასკის კომპანიას 30%-იანი ზრდა აქვს, ხოლო 5-წლიან პერიოდში მატების მაჩვენებელი 120%-ს აღწევს.

რეკორდული ზრდის მიუხედავად, წინა კვარტალში კომპანიის მოგება 37%-ით შემცირდა, ხოლო მოგების მარჟა 44%-ით დაეცა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ Tesla-ს აღმასვლა არა ფინანსური შედეგებით, არამედ სამომავლო მოლოდინებით არის განპირობებული.

აღმასვლის მთავარი მიზეზი რობოტაქსის პროექტია, რომლის გამოცდა კალიფორნიის შტატში აქტიურად იწყება და ამის შემდეგ ის მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. ინვესტორები ფიქრობენ, რომ რობოტაქსის და ავტოპილოტის სერვისი იმდენად მოთხოვნადი იქნება, რომ Tesla ამჟამინდელზე გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს.

Tesla-ს აქციების რეკორდული ზრდის ფონზე, ილონ მასკის ქონების შეფასებამ 750 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

2026 წელს SpaceX საფონდო ბირჟაზე დებიუტს გეგმავს

წელს ცნობილი გახდა, რომ 2026 წლის ბოლოსთვის კოსმოსური ინდუსტრიის ლიდერი – SpaceX საფონდო ბირჟაზე დებიუტს გეგმავს.

შეფასებასთან დაკავშირებით განსხვავებული ცნობებია, თუმცა IPO-ს მოლოდინი $560 მილიარდიდან $1 ტრილიონის ფარგლებშია, რაც მომდევნო თვეების განმავლობაში დაგეგმილ კერძო საინვესტიციო რაუნდებზე და სტარტაპის ფინანსურ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.

თუკი ილონ მასკის სტარტაპი მართლაც შეძლებს 2026 წელს IPO-ზე გასვლას, სავარაუდოდ, მისი ქონების შეფასება დრამატულად გაიზრდება, რადგან SpaceX ფართო საზოგადოებისათვის გახდება ხელმისაწვდომი და მეტი ინვესტიციის მოზიდვას შეძლებს.

უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ თარიღს სტარტაპი არ ასახელებს და თუ 2026 წელს მსოფლიოში მაკროეკონომიკური მდგომარეობა სახარბიელო არ იქნება, მაშინ SpaceX-ის საჯარო დებიუტი გადაიდება.


მასკი რობოტების არმიის შექმნას აპირებს

ილონ მასკი მორიგ ამბიციურ პროექტს აანონსებს. როგორც Tesla-ს ხელმძღვანელი აცხადებს, კომპანია რობოტების არმიის შექმნას გეგმავს, რომელიც მილიონ Optimus-ს გააერთიანებს.

მასკის თქმით, ჰუმანოიდი რობოტების არმია მსოფლიოს მასშტაბით პროდუქტიულობის ახალ ეპოქას დაიწყებს, რადგან Tesla-ს მიერ შექმნილ Optimus-ს ნებისმიერ ადამიანზე უფრო ეფექტიანად, სწრაფად და უწყვეტად შეეძლება მუშაობა, რაც ქარხნებში, საწარმოებსა და საწყობებში ნამდვილ რევოლუციას მოახდენს.

როგორც Tesla-ს დირექტორი ამბობს, Optimus-ს 5-ჯერ მაღალი ეფექტიანობის მაჩვენებელი აქვს, ვიდრე ზრდასრულ ადამიანს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი რობოტი მინიმუმ 5 ადამიანის ეკვივალენტი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ მილიონიანი არმიის შექმნასთან დაკავშირებით კომპანიას ზუსტი გეგმა არ წარმოუდგენია და არც ის ვიცით, როდის შეიძლება ვიხილოთ კომერციული დანიშნულების Optimus-ები. ერთადერთი, რასაც Tesla-ს ხელმძღვანელობა აცხადებს, არ ის, რომ კომპანია რობოტების სერიული წარმოების დაწყებას 2026 წლიდან აპირებს.

OpenAI საფონდო ბირჟაზე $1-ტრილიონიან დებიუტს გეგმავს

პლანეტის უმსხვილესი სტარტაპი OpenAI საფონდო ბირჟაზე დებიუტისთვის ემზადება. გავრცელებული ინფორმაციით, სემ ოლტმენის კომპანიას ამბიციური მიზანი აქვს, რომლის მიხედვით, ChatGPT-ის შემოქმედის კაპიტალიზაციამ IPO-ზე რეკორდული 1 ტრილიონი დოლარი უნდა შეადგინოს.

თუკი ეს მოლოდინი გამართლდება, OpenAI ყველა არსებულ რეკორდს მოხსნის და დებიუტის დღეს პირდაპირ ტრილიონიანი კლუბის წევრი გახდება.

ამჟამად კომპანიის შეფასება $500 მილიარდია, ანუ მისი კაპიტალიზაცია IPO-მდე უნდა გაორმაგდეს, რაც რთულად წარმოსადგენი არ არის, რადგან საჯარო განთავსებას კომპანია 2027 წლის დასაწყისში გეგმავს, იქამდე კი რამდენიმე ახალი სერვისის დანერგვა და ChatGPT-ის შესაძლებლობების დრამატულად გაზრდა არის დაანონსებული.

თუკი ოლტმენის ეს მოლოდინი გამართლდება, მაშინ Microsoft-ის წილის შეფასება 270 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რადგან ის ამჟამად OpenAI-ის 27%-იანი წილის მფლობელია. შესაბამისად, OpenAI-ში ინვესტიციის განხორციელებით Microsoft-ი ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდი საინვესტიციო სარგებელს მიიღებს.


ჯეფ ბეზოსი ფიქრობს, რომ AI-ინდუსტრია სპეკულაციური ბუშტია

Amazon-ის დამფუძნებელი და პლანეტის ერთ-ერთი უმდიდრესი მეწარმე, ჯეფ ბეზოსი ფიქრობს, რომ AI-ინდუსტრია სპეკულაციურ ბუშტს წარმოადგენს.

მილიარდერმა საჯარო გამოსვლისას თქვა, რომ ის რაც დღეს ხდება, 90-იანი წლების სპეკულაციურ მანიას ჰგავს, როცა ინვესტორები ყველაფერს აფინანსებდნენ, რაც ტექნოლოგიებთან ან ინტერნეტთან იყო დაკავშირებული. ცხადია, ტექნოლოგია და ინტერნეტი განვითარდა, თუმცა სპეკულატორმა ინვესტორებმა დიდი თანხები დაკარგეს, რადგან dot-com-ის სახელით ცნობილი ბუშტი გასკდა და საფონდო ბირჟიდან რამდენიმე ტრილიონის კაპიტალი გაქრა.

ბეზოსი ფიქრობს, რომ დღეს ინვესტორებმა არ იციან, თუ რაში უნდა ჩადონ ფული და რომელი სტარტაპი შეძლებს წარმატების მიღწევას, ამიტომ ისინი ყველა იმ კომპანიას და იდეას აფინანსებენ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული. Amazon-ის დამფუძნებლის აზრით, AI-სტარტაპების უმეტესობა კრახისთვისაა განწირული და ეს სპეკულაციური ბუშტი აუცილებლად დააზარალებს იმ ინვესტორებს, რომლებიც ყველაფერს გაუთვითცნობიერებლად აკეთებენ და კომპანიებს AI-ის გამო აფასებენ.

ნეგატიური კომენტარების მიუხედავად, ბეზოსი თვლის, რომ AI საუკუნის მთავარი ინოვაციაა და ის ყველაფერს შეცვლის, თუმცა ზუსტად რომელი სტარტაპები შეძლებენ წარმატების მიღწევას, ამის წინასწარ განჭვრეტა, მისი აზრით, შეუძლებელია. ბეზოსი იმასაც ამბობს, რომ Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მრავალი მილიარდის დახარჯვას აპირებს, რადგან კომპანია, რომელიც AI-რევოლუციას ფეხს ვერ აუბამს, ისევე გაქრება, როგორც ყველა ის კომპანია, რომელმაც ერთ დროს ინტერნეტთან ადაპტირება ვერ შეძლო.

საუდის არაბეთმა $55 მილიარდად EA შეიძინა

2025 წელს არაბულმა საინვესტიციო კონსორციუმმა 55 მილიარდ დოლარად ვიდეოთამაშების მწარმოებელი კომპანია EA სრულად შეისყიდა.

Electronic Arts-ის აქციები საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა და კომპანია კერძო საკუთრებაში გადავიდა, რომელსაც Saudi Arabia Public Investment Fund-ი, Silver Lake-ი და ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული Affinity Partners-ი განკარგავენ.

$55-მილიარდიანი შესყიდვა ვიდეოთამაშების ინდუსტრიაში დაფიქსირებული რიგით მეორე ყველაზე მსხვილი გარიგებაა, რომელსაც მხოლოდ Microsoft-ის და Activision Blizzard-ის $70-მილიარდიანი კონტრაქტი უსწრებს.

როგორც EA-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, კერძო საკუთრებაში გადასვლით კომპანიას მოეხსნება ის ანგარიშვალდებულება და ზეწოლა, რომელიც საფონდო ბირჟაზე არსებობასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ კრეატიული სტუდია უფრო მშვიდად შეძლებს მრავალწლიანი, სტრატეგიული პროექტების განხორციელებას და ისეთი თამაშების შექმნას, რომელთა წარმოება ერთ ან ორ წელიწადში უბრალოდ შეუძლებელია.

თავად ინვესტორთა ინტერესიც მარტივად გასაგებია: საუდის არაბეთს ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებული ეკონომიკის დივერსიფიცირება სურს და Electronic Arts-ი უდიდესი პოტენციალის მქონე კომპანიაა, რადგან საკულტო თამაშებთან ერთად, ის ფასდაუდებელ ინტელექტუალურ საკუთრებას და პორტფელს ფლობს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ვიდეოთამაშების, ასევე ფილმების, სერიალების, ანიმაციური ფილმების, თემატური პარკების და სათამაშოების წარმოების მიზნით.

EA-ის პორტფელში არაერთ პოპულარულ ვიდეოთამაშს შეხვდებით, მათ შორისაა: Battlefield, Fifa, FC, F1, Sims, Need for Speed, Apex Legends, Star Wars და Mass Effect.

TikTok-ის ამერიკული კომპანია ოფიციალურად დაფუძნდა

ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანია ByteDance-მა, რომელიც სოციალური მედიის პლატფორმა TikTok-ს ფლობს, ოფიციალურად მოაწერა ხელი შეთანხმებას, რომელიც ამერიკაში ახალი ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. საუბარია გარიგებაზე, რომლის ფარგლებშიც შტატებში ჩინური პლატფორმის ანალოგი შეიქმნება და ის მხოლოდ ამერიკელი მომხმარებლებისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ხელშეკრულების ხელმოწერით ByteDance-მა თავიდან აირიდა დონალდ ტრამპის მიერ TikTok-ის დაბლოკვის მუქარა, რაც გარიგების ჩაშლის შემთხვევაში ამ კვირის ბოლომდე ამოქმედდებოდა.

არსებული ინფორმაციით, ერთობლივი კომპანიის კაპიტალიზაცია ამჟამად $14 მილიარდ დოლარს შეადგენს და მასში ჩინურ ByteDance-სს მხოლოდ 19.9%-იანი წილი ექნება, რაც შეეხებათ ამერიკელ და საერთაშორისო ინვესტორებს, მათი წილი 80.1% იქნება. საუბარია მონაცემთა ცენტრების ამერიკულ გიგანტ, Oracle-ზე, ასევე Silver-Lake-ზე და აბუ-დაბიში დაფუძნებულ საინვესტიციო კომპანია MGX-ზე. TikTok-ის ამერიკული ვერსია სწორედ ლარი ელისონის დატა ცენტრების მეშვეობით იფუნქციონირებს. არსებული ინფორმაციით, სოციალური მედიის ამერიკული პლატფორმა ოფიციალურად 2026 წლის 22 იანვრამდე გაეშვება და ის TikTok-ის საერთაშორისო სისტემას სრულად ჩაეხსნება.

ამ გარიგებით ოფიციალურად სრულდება ის მრავალწლიანი დაპირისპირება, რაც ამერიკის ხელისუფლებასა და სოციალური მედიის უმსხვილეს ჩინურ პლატფორმას შორის უსაფრთხოების რისკების გამო დაიწყო. როგორც ცნობილია, TikTok-ის გაუქმების იდეა პირველად დონალდ ტრამპმა, ჯერ კიდევ პირველი საპრეზიდენტო ვადისას გააჟღერა, თუმცა დემოკრატების გამარჯვების შემდეგ საკითხი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაიბარა. არსებობდა მოლოდინი, რომ TikTok-ი 2025 წლის იანვარში ოფიციალურად შეჩერდებოდა, რადგან შესაბამის დადგენილებას ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა მოაწერა. თუმცა არჩევნებში ხელახლა გამარჯვების შემდეგ ტრამპმა დააანონსა, რომ სოციალური მედიის პლატფორმის შემქმნელ კომპანიასთან მოლაპარაკებებს გამართავდა და უზრუნველყოფდა, რომ ის შტატებში დარჩენილიყო.

BlackRock-ის შვილობილი კომპანია $40 მილიარდად დატა ცენტრების მფლობელ Aligned-ს შეიძენს

საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია BlackRock-ის საკუთრებაში არსებული GIP დატა ცენტრების მფლობელ Aligned Data Centers-ს $40 მილიარდად შეიძენს. ამის შესახებ ინფორმაცია Bloomberg-მა გაასაჯაროვა. BlackRock-ის შვილობილი კომპანია Global Infrastructure Partners-ი ინფრასტრუქტურული სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია. თუ ორ მხარეს შორის შეთანხმება წარმატებით დასრულდა, ეს იქნება AI-ზე გათვლილი დატა ცენტრების შეძენის კუთხით ბოლო წლების ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება.

Aligned-ის შეძენის შემდეგ GIP სექტორის მსხვილი მოთამაშე გახდება და მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს დატა ცენტრების ბაზაზრზე. რაც აჩენს მოლოდინს, რომ უახლოეს მომავალში არაერთი მსხვილი ტექ-კომპანია დაინტერესდება მასთან თანამშრომლობით. თავად Aligned-ი ენერგო-ეფექტური დატა ცენტრების შექმნითაა ცნობილი. სწორედ ამან შეუწყო ხელი ბოლო პერიოდში მის სერვისზე მოთხოვნის ზრდას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არც GIP-ს და არც Aligned Data Centers-ს მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ ჯერ საჯაროდ არაფერი უთქვამთ. თუმცა Bloomberg-ს წყარო ეუბნება, რომ ერთობლივი განცხადება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.

Aligned-ის შეძენაზე მიმდინარე მოლაპარაკებები ცხადყოფს, თუ რამდენად დიდია უმსხვილესი საინვესტიციო კომპანიების დაინტერესება იმ ინფრასტრუქტურის მიმართ, რომელზედაც დღეს AI-ს განვითარება დგას.

GTA VI-ის გამოსვლის თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწია

Take-Two Interactive-ის მეორე კვარტალის საბრძოლო შედეგების ანგარიშში კომპანია დეტალურად საუბრობდა მისი საკალათბურთო ფრენჩაიზის NBA 2K26-ის გამორჩეულ გაყიდვებზე და Borderlands 4-ის დადებით შეფასებებზე, თუმცა დოკუმენტის ბოლოს ნახსენები იყო, რომ თამაშის გამოსვლის თარიღი, რომლის ირგვლივაც მოლოდინი ყველაზე მძაფრად არის გაჯერებული გულშემატკივრებს შორის კიდევ ერთხელ გადაიდო.

საუბარია Grand Theft Auto VI-ზე ანუ თამაშზე, რომელსაც ბევრი ინდუსტრიის ექსპერტი ყველა დროის ყველაზე დიდი გასართობი პროექტის სტატუსს ანიჭებს.

Take-Two-ს სტუდია Rockstar Games-მა გამოაცხადა, რომ Grand Theft Auto VI გამოვა 2026 წლის 19 ნოემბერს, რითაც გუნდს მიეცემა დამატებითი დრო, რათა დაასრულოს თამაში იმ მაღალი დონის დამუშავებით, რასაც მოთამაშეები ელიან და იმსახურებენ — ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ განცხადებაში.

უკვე თორმეტი წელი გავიდა GTA V-ის გამოშვებიდან და დღემდე, ყველა დროის ყველაზე გაყიდვად თამაშებს შორის, მე-2 ადგილს იკავებს (მხოლოდ Minecraft-ს ჩამორჩება). ის თავდაპირველად გამოვიდა PlayStation 3-სა და Xbox 360-ზე, შემდეგ გადავიდა შემდეგ თაობაზე, 2015 წელს — ПК-ზე, ხოლო სამი წლის წინ PS5 და Xbox Series X|S სისტემებზე. ამ პერიოდში თამაშმა მასშტაბური - 220 მილიონზე მეტი ერთეული გაყიდა მთელ მსოფლიოში.

ახალი გადადება თამაშის გამოსვლას მომავალი წლის გაზაფხულიდან გადაჰყავს 2026 წლის საშობაო სეზონის შუაგულში.

ფინანსური ანალიტიკოსების ვარაუდით, მე-6 ნაწილის ფასი 100 დოლარი იქნება და გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოიხსნება. მოსალოდნელია, რომ Rockstar თამაშის გაყიდვით 10 მილიარდ დოლარამდე გამოიმუშავებს.

ეს განთავსება თამაშს უშუალოდ ათავსებს ყველაზე აქტიურ სამომხმარებლო პერიოდში, ხოლო თან კონკურენციას უწევს Microsoft-ის კუთვნილ Activision-ს, რომლის წლიური Call of Duty გამოცემაც ასევე 2026 წლის იმავე პერიოდში იხილავს დღის სინათლეს.

ჯეკ მა Alibaba-ში დაბრუნდა

მილიარდერი მეწარმე ჯეკ მა Alibaba-ში დაბრუნდა. კამპუსში მისი გამოჩენა არ ყოფილა არც ხმაურიანი და არც საჯაროდ ტირაჟირებული, უფრო მეტიც, Bloomberg-ის ცნობით, მისი დაბრუნების შესახებ ინფორმაცია Alibaba-ს თანამშრომლებსაც კი არ ჰქონდათ.

მართალია, ერთ დროს, ჯეკ მა Alibaba-ს კამპუსში ცხოვრობდა და კომპანია მის გარეშე არცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას არ იღებდა, თუმცა მთავრობასთან დაპირისპირების შემდეგ, ჩინელ ინოვატორს საკუთარი კომპანიის მიტოვება, დირექტორის თანამდებობის დათმობა და ქვეყნიდან გადასვლაც კი მოუწია. როგორც ჩანს, ჯეკ მამ მმართველი კომუნისტური პარტიის წინაშე ცოდვები მოინანია და ახლა უკვე მას თავისი საყვარელი საქმის კეთების უფლება აქვს, რაც Alibaba-ს განვითარებას გულისხმობს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჯეკ მა 100%-ით კონცენტრირებულია ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე და Alibaba-ს მიერ AI-პროექტში $53 მილიარდის დაბანდება სწორედ მის მიერ იყო შთაგონებული. ამჟამად ჯეკ მას საქმიანობასთან დაკავშირებით დეტალები უცნობია, ასევე არ ვიცით, თუ რა როლს იკავებს იგი, რადგან აღმასრულებელ რგოლში ყოფნა მას დე ფაქტო შეზღუდული აქვს, მიუხედავად ამისა, ის მაინც რჩება კომპანიის უმსხვილეს აქციონერად და გადაწყვეტილების მიმღებ პირად ინვესტორთა საბჭოში.

ბუნებრივია, ჯეკ მას დაბრუნების სიახლეს ინვესტორები პოზიტიურად იღებენ, რადგან ამ ადამიანის გარეშე არც Alibaba იარსებებდა და არც თანამედროვე ჩინეთის ეკონომიკა, რომლის განვითარებაში ლომის წილი სწორედ მას მიუძღვის.


სემ ოლტმენი და ჯონი აივი AI-მოწყობილობას 2027 წელს წარმოადგენენ

OpenAI-ის დამფუძნებელი და Apple-ის ყოფილი დიზაინერი ახალი თაობის AI-მოწყობილობას 2027 წელს წარმოადგენენ. როგორც ცნობილია, სემ ოლტმენი და ჯონი აივი „რევოლუციურ“ მოწყობილობაზე მუშაობენ, რომელიც სმარტფონების ჩანაცვლებას შეეცდება.

უშუალოდ პროექტთან დაკავშირებით ბევრი რამ არ არის ცნობილი და არც ის ვიცით, რა ტიპის მოწყობილობა იქნება ეს – საათი, სათვალე, სამაჯური თუ პინი. ამჟამად მხოლოდ ის ვიცით, რომ მის შექმნაზე პლანეტის საუკეთესო დიზაინერები და ინჟინრები მუშაობენ, რომელთაც თავი აივიმ და ოლტმენმა კომპანია io-ში მოუყარეს.
თავად აივის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს ტექნოლოგიური პროდუქტების შექმნის მიმართულებით, რადგან 2019 წლამდე გამოშვებული Apple-ის თითქმის ყველა პროდუქტი სწორედ მის მიერ იყო შექმნილი, მათ შორის: iPhone, MacBook და iPad.

სემ ოლტმენის განცხადებით, AI-მოწყობილობა ტექნოლოგიურ სამყაროში ახალ ეპოქას დაიწყებს, რომელიც შემთხვევით თუ მიზანმიმართულად, ზუსტად ემთხვევა 2027 წელს, ანუ iPhone-ის 20 წლის იუბილეს, რომლისთვისაც Apple-ს განსაკუთრებული ვერსიის, iPhone XX-ის წარმოდგენა აქვს დაგეგმილი.

Samsung-მა წარადგინა ტელეფონი, რომელიც 3-ჯერ იკეცება

კორეულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Samsung-მა ახალი თაობის გასაშლელი სმარტფონი წარადგინა, რომელიც 3-ჯერ იკეცება.

Galaxy Z TriFold-ი ინოვაციური მოწყობილობაა, რომელიც ორი დამოუკიდებელი საყრდენი მექანიზმის, 3 ბატარეის და 4 ეკრანის მოდულისგან შედგება.
3-ჯერ დაკეცვის ფუნქციონალი სმარტფონის პრაქტიკულობას აუმჯობესებს და მას გაშლილ მდგომარეობაში 10-ინჩიან ეკრანს აძლევს, რაც სტანდარტული ტაბლეტის ან iPad-ის ზომაა.

დაკეცილ მდგომარეობაში, წინა ეკრანი 6.5-ინჩიანია და ის ჩვეულებრივ სმარტფონს ჰგავს, თუმცა გაშლილ მდგომარეობაში, სმარტფონის სისქე სულ რაღაც 3.9 მილიმეტრს შეადგენს, რაც მას ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე თხელ მობილურ მოწყობილობად აქვს.

გასაოცარ მოქნილობასთან ერთად, Z TriFold-ში Snapdragon 8 Elite-ის პროცესორს, 200-მეგაპიქსელიან კამერას, 45-ვატიანი დამუხტვის შესაძლებლობას და 5,600-მილიამპერსაათიან ბატარეას ვხედავთ.

როგორც Samsung-ის განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის სმარტფონი იმ მომხმარებლებისთვის, რომელთაც ერთდროულად სურთ სმარტფონის, ტაბლეტის და მსუბუქი ლეპტოპის ქონა, თუმცა სამივე ნივთის ყველგან ტარება არ უნდათ. აქვე, ლეპტოპი ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან უსადენო კლავიატურის და მაუსის დაკავშირების შემდეგ, Z TriFold-ი მცირე ზომის ნოუთბუქად ტრანსფორმირდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ მოწყობილობის სამიზნე აუდიტორიისათვის.

ფასს რაც შეეხება, Z TriFold-ის ღირებულება, სავარაუდოდ, $2,500-დან დაიწყება, რაც მას ბაზარზე წარმოდგენილ ყველაზე ძვირად ღირებულ სმარტფონად აქცევს. Samsung-ის 3-ჯერ დასაკეცი სმარტფონი იმდენად ძვირი იქნება, რომ მის ნაცვლად შეგიძლიათ MacBook Pro და iPhone 17 Pro ერთად შეიძინოთ, ან ორი ცალი Galaxy S25 Ultra, ან გეიმინგ კომპიუტერი, ან თუნდაც ძველი ავტომობილი.

Google-მა AI-სათვალის გამოშვება 2026 წელს გადაწყვიტა

Google-მა XR/AR-მოწყობილობების ბაზარზე შესვლა და 2026 წელს ახალი AI-სათვალის გამოშვება გადაწყვიტა.

როგორც ცნობილია, ახალი სათვალე Android XR-სისტემით და Gemini AI-ით იქნება აღჭურვილი, რაც მას Ray-Ban Meta AI-ის კონკურენტად აქცევს.

Google-ის ინფორმაციით, AI-სათვალეს არ ექნება ეკრანი და მასთან კომუნიკაციას მომხმარებელი ხმოვანი ბრძანების მეშვეობით შეძლებს. შესაბამისად, სათვალეს ექნება ბატარეა, პროცესორი, კამერა, დინამიკი და მიკროფონი – ისევე, როგორც ზემოხსენებულ Ray-Ban Meta-ს.

სამომავლო პერსპექტივაში Google-ს ეკრანის მქონე სათვალის გამოშვებაც აქვს დაგეგმილი, თუმცა მას, სავარაუდოდ, 2028 წლამდე ვერ ვიხილავთ.

Jaguar Type 00-ის დიზაინერი გაათავისუფლეს

Jaguar Land Rover (JLR) Group-მა თანამდებობიდან გაათავისუფლა გერი მაკგოვერნი, რომელიც ავტომწარმოებელი კონგლომერატის მთავარი კრეატიული ოფიცერი და წამყვანი დიზაინერი იყო.
მაკგოვერნს ბრიტანულ ბრენდში 20 წელიწადზე მეტი აქვს გატარებული და JLR-ის კრეატიულ მიმართულებას ის 2020 წლიდან ხელმძღვანელობდა, რაც ზუსტად ემთხვევა Jaguar-ის დაღმასვლის პერიოდს.

მართალია, წლების განმავლობაში მაკგოვერნს არაერთი გამორჩეული ავტომობილი შეუქმნია, მათ შორის: თითქმის ყველა თანამედროვე Land Rover-ი და არაერთი Jaguar-ი, თუმცა ერთმა შეცდომამ, როგორც ჩანს, მისი კარიერა და რეპუტაცია შეიწირა.
ეს შეცდომა Jaguar-ის რებრენდინგი და მის შედეგად შექმნილი კონცეპტუალური ავტომობილია – Type 00, რომელიც გლობალურ სენსაციად და წლის ყველაზე მწვავედ გაკრიტიკებულ ავტომობილად იქცა. ამ ულტრა-მდიდრულ ელექტრომობილს Jaguar-ის ცხოვრებაში ახალი ეპოქა უნდა დაეწყო, თუმცა ერთადერთი რაც მან რეალურად შეძლო, ეს 90-წლიანი ისტორიის მქონე ბრენდის გაპარტახება იყო.

Type 00 იმდენად წარუმატებელი და საზოგადოების მიერ ნეგატიურად მიღებული პროექტი აღმოჩნდა, რომ JLR-მა მაკგოვერნის ფასდაუდებელი ღვაწლი დაივიწყა და ბრიტანელი დიზაინერი სამსახურიდან გაუშვა.

bm.ge