საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, მას რამდენიმე უცხოელმა პროფესორმა მიწერა [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონთან დაკავშირებით.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე ტურავამ აღნიშნა, მას პროფესორებმა ჰკითხეს, მართლა მიიღეს თუ არა ისეთი კანონი, რომ „საქართველოში ჩასვლისას დაიჭერენ“.

„ზოგიერთ უცხოელ პროფესორს იმასაც ეუბნებიან, ისეთი კანონი მიიღეს, საქართველოში თუ ჩახვედით, „დაგიჭერენ“, რადგან წარსულში საქართველოსთან თანამშრომლობდითო. რამდენიმემ მომწერა კიდეც, მართლა ასეთი კანონი მიიღეს საქართველოშიო?“, - განაცხადა ტურავამ, რასაც დარბაზიდან კითხვა მოჰყვა, თუ რა უპასუხა მას მოსამართლემ.

ტურავას თქმით, ეს ცალკე სასაუბრო თემაა.

„სხვათა შორის, კონკრეტული ადამიანები ავრცელებდნენ ამ ინფორმაციას, რა თქმა უნდა, ჰაერიდან არ მოაქვთ“, - განაცხადა მოსამართლე მერაბ ტურავამ.

ipn.ge