ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს - ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე, პრემიერის თქმით, ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული, შესაბამისად, აღნიშნული კანონი არის პრევენციული ხასიათის.

„არც ერთი კანონი არ არის რეპრესიული, თითოეული კანონი ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას. რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე. სწორედ პირბადეები და სახის შენიღბვის საშუალებები გამოიყენებოდა ყველაზე აქტიურად დანაშაულების ჩასადენად. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, თავისთავად ჩანს, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ამასთან დაკავშირებით. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის. ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია. მათ შორის შეკრების მონაწილეთა და კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული. ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული. სწორედ ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული, თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებების შედეგად დღეს პატიმრობაშია 30 კაცი. ეს არის ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობა. რომ ყოფილიყო წინასწარ ასეთი კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი თავს შეიკავებდა დანაშაულის ჩადენისგან. აქედან გამომდინარე, ეს კანონი არის არა რეპრესიული, არამედ პრევენციული. ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტთან და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს - ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს