ვის მოსდის აზრად ასეთი გეგმები ან საიდან უნდა მოვიყვანოთ ამდენი ავტობუსი? - ასე ეხმაურება „კომერსანტთან“ „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე 2025 წლიდან საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებს.
მისი თქმით, მაშინ როდესაც დღის განმავლობაში ამ ქალაქებიდან თითოეულში დაახლოებით 20-30 რეისი სრულდება, წარმოუდგენელია ქვეყანაში არსებულმა ავტობუსების რაოდენობამ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
„სად არის ქვეყანაში ამდენი ავტობუსი რომ ამ ქალაქებს შორის რეგულარული გადაადგილება უზრუნველყოს? ეს ამ ეტაპზე, წარმოუდგენელი ამბავია. ყველამ რომ წარმოვიდგინოთ რა ვითარებაა დღეს, გეტყვით, რომ რიკოთის გვირაბის იქით, ფაქტობრივად ყველა ქალაქი ერთმანეთთან 150 კმ-ზე მეტითაა დაშორებული და გამოდის რომ ეს ყველა მნიშვნელოვან რეისს მოიცავს. არ ვიცი ვის მოუვიდა ეს აზრად, მაგრამ როგორც აქამდე იყო ცნობილი მგზავრთა გადაყვანა როგორც მიკროავტობუსით, ასევე 8-ზე მეტი ადგილის მქონე ავტობუსით იქნებოდა შესაძლებელი და ვიმედოვნებ, რომ ჩვენთან განხილვის გარეშე ასეთ ცვლილებებს არ მიიღებენ“, - ამბობს ნესტორ მიქატაძე.
ცნობისთვის, მომავალი წლიდან საქალაქთაშორისო რეგულარული მგზავრთგადაყვანა M3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით (ავტობუსი) განხორციელდება. ახალი რეგულაციის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან შევა ძალაში, მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა იკრძალება თბილისს, ქუთაისს, ბათუმს, ზუგდიდსა და თელავს შორის გადაყვანებს. შესაბამისად, ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული ქალაქების მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრების გადაყვანა ვეღარ მოხდება.
ამასთან, ცვლილება შეეხება ასევე 150 კმ-ზე მეტი მანძილით დაშორებულ საქართველოში მდებარე დასახლებებში საქალაქთაშორისო მგზავრთგადაყვანას.