თბილისის ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის განცხადებით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი ზოოპარკის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. 

როგორც მან „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, ახალი ზოოპარკის გახსნა, სავარაუდოდ, უახლოესი 2 წლის ვადაშია მოსალოდნელი. 

მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ზოოპარკისთვის ახალი ცხოველების შერჩევის საკითხზეც.

„ამ დროისთვის მიმდინარეობს ვოლიერების, განსაკუთრებით ზამთრის სადგომების აშენება, ასევე კეთდება სველი წერტილები. წელს დაიწყება კიდევ რამდენიმე ახალი ვოლიერის მშენებლობა და მომავალ წელს სხვადასხვა სახის ასევე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. 

უნდა განვსაზღვროთ, რა დონეს გვინდა მივაღწიოთ, რომელი ცხოველები გვინდა გვყავდეს და საიდან ჩამოვიყვანთ მათ. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს მუშაობა. 

უკვე საკმაო რაოდენობის საინტერესო ცხოველია ადგილზე. ჩვენთვის მთავარია გვყავდეს გამორჩეულად საინტერესო ცხოველები. ახლაც გვყავს რამდენიმე ასეთი, მაგალითად აფრიკული მოხატული ძაღლები და ევროპული ბიზონები. 

მიმდინარეობს სადგომების მშენებლობა ისეთი ცხოველებისთვის, როგორიცაა ბეჰემოთი, მარტორქა, ჟირაფი, ანტილოპა, ზებრა, ლომი, ვეფხვი და სხვა დიდი მტაცებლები. წელს დაიწყება ასევე პრიმატებისთვის ვოლიერების მშენებლობა“, - აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ. 

მისი განმარტებით, თბილისის ახალ ზოოპარკს ძველისგან რადიკალურად განსხვავებული კონცეფცია ექნება. კერძოდ, ზოოპარკის ტერიტორიაზე ატრაქციონები არ იქნება, ცხოველები კი ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოებულ პირობებში იცხოვრებენ.

„ახალ ზოოპარკში ატრაქციონები არ იქნება. აქ მხოლოდ ცხოველების სადგომები და ცხოველებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას ნახავთ. ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, იქნება სხვადასხვა სათავგადასავლო აქტივობებისთვის ზონები. ასევე უკვე მომზადებულია სათამაშო მოედანი. გეგმაში გვაქვს დინოზავრების მულაჟების დადგმა. 

ახალი ზოოპარკის მთავარი ხიბლი იქნება კონცეფცია, რომლის საშუალებით ცხოველების ნახვა არა ვოლიერების გარედან, არამედ შიგნით იქნება შესაძლებელი, უსაფრთხოების შესაბამისი ზომებით. ცხოველები თავს იგრძნობენ ბუნებრივ გარემოში, შესაბამისად, მათი ქცევა იქნება ბუნებრივთან მაქსიმალურად ახლო“, - განმარტა ზურაბ გურიელიძემ. 

თბილისში ახალი ზოოპარკის აშენება 2015 წლის ივნისში, მდინარე ვერეს ადიდებით გამოწვეული სტიქიური უბედურების შემდეგ გადაწყდა, როცა თბილისის ცენტრში მდებარე ზოოპარკის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა და ზოოპარკის 300-მდე ბინადარი დაიხოცა. 

თბილისის ახალი ზოოპარკი 48 ჰა ფართობით ევროპის მასშტაბით უდიდესი იქნება.