სტატისტიკაში ვერ ხდება იმის გაფილტვრა, ვინ რა დანიშნულებით მიდის საზღვარგარეთ. ვისაც რთული ეკონომიკური პირობებიდან გამომდინარე უწევს საქმიანობის საძიებლად წასვლა სხვადასხვა ქვეყანაში, იქიდან გამომდინარე, რომ 3 თვით აქვს უვიზოდ ყოფნის საშუალება, იძულებულია, ტურისტული ვიზიტი დაჯავშნოს ჩვენთან და შემდეგ იქ დარჩენა უწევს. ჩვენდა სამწუხაროდ, ეს მაჩვენებელი 2025 წელს კიდევ უფრო გაიზარდა, - აცხადებს ტურისტული კომპანია diverse travel-ის დამფუძნებელი ნიკა კვარაცხელია.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნიკა კვარაცხელიამ2025 წლის ტურისტულ ტენდენციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ მართალია, გამყვანი ტურიზმის მიმართულებით 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, თუმცა ფინანსური მაჩვენებელი უფრო უარყოფითი კუთხით წარიმართა, რადგან ტურისტების უმეტესი ნაწილი არჩევანს ბიუჯეტურ მოგზაურობაზე აკეთებს.
„აუცილებლად საგულისხმოა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემი - გამყვან ვიზიტორებს შორის 47% არის 31-50 წლის ადამიანები, რაც ნებისმიერ ქვეყანაში სამუშაო ძალაა. ის ასაკი, რომელიც ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში რეალურად წმინდა ტურისტული დანიშნულებით მოგზაურობს ხოლმე, ეს ასაკია 51-70 წლის მოსახლეობა. სამწუხაროდ, ამის ფუფუნება ჩვენს ქვეყანაში ნაკლებია.
დაბალბიუჯეტიანი პაკეტები 2025 წლის ძალიან დიდი გამოწვევა იყო, რადგან როცა ლარი უფასურდება, ეს ტურისტებს მოგზაურობას უძვირებს. შესაბამისად, მოთხოვნაც იკლებს“, - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.
მისივე განმარტებით, გამყვან ტურიზმზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გლობალური საკითხები, რაც ბოლო 1.5-2 წლის განმავლობაში ბევრად გაუარესდა. კერძოდ, ქართველი ტურისტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება ყოველთვის იყო რომი, სადაც ბოლო 1.5-2 წლის განმავლობაში სასტუმროების ფასებთან ერთად ტრანსპორტირების ხარჯებიც შეიცვალა და ბევრად უფრო გაძვირდა. მეორე მაგალითია სტამბოლი, სადაც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსაკრებლები 4-5-ჯერ გაიზარდა, რაც ბუნებრივია, ქართველი ტურისტების მხრიდან მოთხოვნის შემცირებას იწვევს.
„ბიუჯეტური მოგზაურობის საშუალო ხარჯი, საქსტატის მონაცემებით, 1162 ლარი იყო, რაც ბუნებრივია, ძალიან დაბალია. საქართველოში რაც შეიძლება დაიგეგმოს ბიუჯეტური მიმართულებები, მერყეობს დაახლოებით 800-იდან 1300 ლარის ფარგლებში, მაგრამ ეს უფრო არასეზონურ მოგზაურობებს უკავშირდება. რაც შეეხება შედარებით უფრო საშუალო ბიუჯეტურ ქვეყნებს, მოთხოვნა შემცირებულია და 4-იდან 3 მომხმარებელი აუცილებლად ახსენებს სიტყვა ბიუჯეტურს. 2025 წლის მეორე და მესამე კვარტალი კიდევ უფრო რთული იყო, რასაც განაპირობებდა ის ფაქტორი, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მოლოდინი ჰქონდათ ადამიანებს.
ძალიან პოზიტიური ცვლილება იყო ის, რომ დოჰას მიმართულებით ძალიან კარგი და ბიუჯეტური ფრენები შემოგთავაზეს ავიაკომპანიებმა, რამაც განაპირობა ზამთრის მიმართულებით შედარებით უფრო გამოცოცხლება. გამყვან ტურიზმში ყოველთვის აუცილებელია, რომ იყოს ავიაკომპანიების მხრიდან კონკურენცია, რაც ჩვენს ბაზარზე ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიდად არ შეინიშნება“, - აღნიშნავს ნიკა კვარაცხელია.