საქართველოს ფლორის უდიდესი ნაწილი პატარა ყუთებში იყრის თავს და წლობით ინახება. დაცული სახეობები ქეთევან მჭედლიძემ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩატარებული ექსპედიციების შედეგად საკუთარი ხელით შეაგროვა. 25 წელია, რაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის თანამშრომელია.

ამ უნიკალურ ჰერბარიუმში მცენარეთა სახეობების შენახვა საუკუნის წინ დაიწყეს. აქ შეხვდებით სხვადასხვა ზომისა და ფორმის მცენარეს. 100 წლის წინ დაწყებულ საქმეს კი კოლეგებთან ერთად ქეთევან მჭედლიძე აგრძელებს.

მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშებზე მეცნიერები ფარმაკო-ბოტანიკურ კვლევებს დღემდე ატარებენ. დაცულ სახეობებს შორის განსაკუთრებული ადგილი ეთმობა კოლხურ ბზას.

ქეთევან მჭედლიძემ ბზა მიკროსკოპულადაც შეისწავლა. გვიყვება, რომ მცენარეს უნიკალური სტრუქტურა აქვს და ჩვენი წინაპრები მას ერთ დროს სამკურნალო დანიშნულებითაც იყენებდნენ. ლაბორატორიაში ბაზას ახლაც იკვლევენ. ამ ჰერბარიუმში დაცულია კოლხური ბზის 14 ეგზემპლარი, რომელიც მეცნიერებმა 1934 წლიდან 1938 წლამდე შეაგროვეს.

კოლხური ბზა 10 წლის წინ დაავადდა და ახლა გადაშენების პირასაა. შეტანილია "წითელ წიგნში". საქართველოში გავრცელებულია დაცულ ტერიტორიებზე გვხვდება აჭარაშიც.

"ნუ მოჭრი ბზას" - უკვე 10 წელზე მეტია, რაც კოლხური ბზის გადასარჩენად საქართველოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს სოციალური კამპანია აქვს დაწყებული. გამკაცრებულია რეგულაციებიც. ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსდაცვისთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება.

მიუხედავად იმისა, რომ კოლხური ბზის დაზიანებისა თუ მოჭრის ფაქტები ქვეყანაში საგრძნობლად შემცირდა, უნიკალური სახეობის ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად და გადასარჩენად ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.

ბზა - მარადმწვანე ხე ან ბუჩქი რომელიც დაახლოებით 600 წელიწადი ცოცხლობს და უკანასკნელი 30-40 მილიონი წლის განმავლობაში მცირედ თუ შეიცვალა, ქართველებმა მარადიული სიცოცხლის სიმბოლოდ აირჩიეს.

წყარო: rustavi2.ge