მთავრობამ მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც უკანონო ტყითსარგებლობის პრევენციის მიზნით, სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიზანი ხე-ტყით უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის ზომების გამკაცრებაა.  

ცვლილებების თანახმად, სახერხი საამქროს მიერ რეგისტრაციის მოთხოვნათა დარღვევაზე სანქცია მკაცრდება და თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე განისაზღვრება. მოქმედი კანონმდებლობა მსგავს სამართალდარღვევაზე თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს. იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაში კი თავისუფლების აღკვეთის ერთიდან ორ წლამდე ვადა იცვლება სამიდან ხუთ წლამდე ვადით.  

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი 2872 მუხლი - სახერხი საამქროს ტერიტორიაზე არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ასეთი ქმედებისათვის გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. საკანონმდებლო ცვლილების დამტკიცების შემდეგ კი, ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ მსგავსი ქმედების განმეორებით ჩადენა ან სახერხი საამქროს ტერიტორიაზე ისეთი ოდენობის არამარკირებული მრგვალი ხეტყის (მორის) განთავსება, რომლის უკანონო ჭრის/დამზადების შედეგად გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი (1000 ლარზე მეტი) მიადგა, სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე სანქცია იქნება ჯარიმა ან/და თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე. მუხლი ასევე ითვალისწინებს ცალკე პასუხისმგებლობას სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით არამარკირებული ხეტყის განთავსებისთვის. დიდ ოდენობად ჩაითვლება მრგვალი ხეტყის (მორის) ის ოდენობა, რომლის უკანონო დამზადების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3000 ან მეტს ლარს. ამ ტიპის სამართალდარღვევა ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე.

სანქციები მკაცრდება მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვასა და დამზადებაზეც. თუ აღნიშნულ სამართალდარღვევაზე აქამდე პასუხისმგებლობა იყო ჯარიმა ან/და გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით სამ წლამდე, კანონპროექტის მიხედვით,  თავისუფლების აღკვეთის ვადა ერთიდან სამ წლამდე იცვლება. მკაცრდება პასუხისმგებლობა ქმედების არაერთგზის ჩადენის შემთხვევაშიც - თუ აქამდე მსგავსი დანაშაული ჯარიმას ან/და გამასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხ წლამდე ითვალისწინებდა, კანონპროექტის თანახმად თავისუფლების აღკვეთის ვადა სამიდან ხუთ წლამდე განისაზღვრა. იმ შემთხვევაში კი თუ სამართალდამრღვევი იურიდიული პირია, სანქცია ითვალისწინებს ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ვადით ხუთ წლამდე.

ცვლილებებით  ასევე დგინდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყეში ან დაცულ ტერიტორიაზე მერქნიანი მცენარის დიდი ოდენობით უკანონო გაჩეხვისთვის (ხეტყის დიდი ოდენობით უკანონო დამზადება) და ისჯება ჯარიმით ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

სანქციები მკაცრდება მრგვალი ხეტყის უკანონო ტრანსპორტირებაზეც. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგება ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან საშეშე მერქნის კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო დოკუმენტის ან/და სპეციალური ფირნიშით მარკირების გარეშე ტრანსპორტირების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში და არა მესამე შემთხვევაზე, როგორც ეს მოქმედი კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. უკანონო ტრანსპორტირების შემთხვევაში სანქცია კი, ნაცვლად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე, ხოლო იგივე ქმედების არაერთგზის ჩადენა, ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად დაისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე. 

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს