მიმდინარე წლის ზაფხულიდან უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვების დინამიკა დადებითისკენ შეიცვალა, შემოდგომიდან საერთო ფონი გაუმჯობესდა. ფასების ზრდა გრძელდება, - აღნიშნულის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში საბროკერო კომპანია Noble Real Estate-ს თანადამფუძნებელმა ვაჟა მებაღიშვილმა განაცხადა.
როგორც ვაჟა მებაღიშვილი განმარტავს, 2025 წლის პირველ ნახევარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაყიდვების დინამიკა შემცირებული იყო, თუმცა ამას დრამატული შედეგები არ მოჰყოლია. მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედებს როგორც პოლიტიკური პროცესები, ისე ზოგადი ეკონომიკური სიტუაცია, დღეს კი მდგომარეობა აბსოლუტურად ჯანსაღია.
„პროექტებში, რომლებიც 2025-2026 წლებში სრულდება, ფაქტობრივად, ნახევარზე ბევრად მეტი უკვე გაყიდულია და ამ კუთხით დეველოპერებს განსაკუთრებული პრობლემები არ შეჰქმნიათ. დღეს უკვე გაყიდვების ნაწილში მზარდი დინამიკაა, ამ მზარდ დინამიკაში ფასის მატებაც აისახება და ეს ფასის მატებაც ძალიან გონივრულია. გარეუბნების შემთხვევაში, ძალიან გააქტიურებულია მშენებლობა და განსაკუთრებულად მაღალია მოთხოვნა იქიდან გამომდინარე, რომ შედარებით ბიუჯეტურია, თუმცა 1300, 1400 და 1500 დოლარი, რაც ახლა გარეუბნებშია, იყო ხოლმე მაგალითად, საბურთალოზე. დღეს ნაძალადევი იქნება, ორთაჭალა, იქაც ფასი საკმაოდ სოლიდურია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ მოთხოვნა არის გაზრდილი“, - განმარტავს ვაჟა მებაღიშვილი.
მისივე თქმით, კარგია, როცა უძრავი ქონების ფასები მატულობს, რადგან კლებისკენ რომ მიდიოდეს და არაჯანსაღი პროცესების გამოძახილი იქნებოდა.
„შეიძლება ეს არ სიამოვნებდეს მყიდველს, მაგრამ გაძვირების დინამიკა კარგიც არის, რადგან ქონება, რასაც ვიძენთ, უნდა ძვირდებოდეს და ფასი ემატებოდეს. ვინც პირველად იძენს, მესმის, მისთვის რთულია, მაგრამ ეს პროცესი ძალიან ნორმალურია. გაიაფება უფრო არასასიამოვნო იქნებოდა“, - ამბობს ვაჟა მებაღიშვილი.
იქიდან გამომდინარე, რომ უძრავ ქონებაზე ფასები მუდმივად მზარდია, Noble Real Estate-ს თანადამფუძნებელი მომხმარებელს ურჩევს, ბინები დროულად შეიძინონ.
„მესმის ჩვენი ქვეყნის სიდუხჭირის, მაგრამ თუ აქვთ ინტერესი, ქონება ძვირდება, მოასწარით ყიდვა“, - განაცხადა ვაჟა მებაღიშვილმა.