თურქეთში  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ სარჯველაძე თურქ კოლეგას, ქემალ მემისოღლუს შეხვდა. შეხვედრაზე, განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მისი გაძლიერების შესაძლებლობები.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქეთს ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს, რაც კიდევ უფრო ამყარებს თანამშრომლობის პერსპექტივებს.

თავის მხრივ, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა გამოხატა მზაობა, საქართველოსთან, არსებული თანამშრომლობის გაგრძელებისა და ახალი ერთობლივი ინიციატივების განხილვისთვის.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა ანკარის სახელმწიფო საავადმყოფოც დაათვალიერა, შეხვდა კლინიკის მენეჯმენტს და ადგილზე გაეცნო თურქეთის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას. შეხვედრაზე, განიხილეს სამედიცინო სერვისების მიწოდებისა და კლინიკის ინფრასტრუქტურის მართვის პრაქტიკები, რესურსების განაწილების პროცესები და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები.

ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც თურქეთის სამედიცინო მსოფლიო კონგრესში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებებსა და ოფიციალურ შეხვედრებში, მინისტრთან ერთად, მონაწილეობდა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ კალანდია.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს