პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტი პირველი მოსმენით მიიღო, რომლის ამოცანა პარტიულ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვების დაწესებაა. მათ შორის, საუბარია კანონზე გრანტების შესახებ, რომლის თანახმადაც ფართოვდება გრანტის განმარტება და განისაზღვრება, რომ გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება, ან შეიძლება მოხმარდეს პოლიტიკურ მიზნებს.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას იურისტი ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ვის შეეხება კანონი, ამ კითხვაზე პასუხი ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან გრანტის დეფინიცია იმდენად ფართო ხდება, რომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, რა შეიძლება მოექცეს გრანტში და რა - არა.

„აქ საუბარია, რა თქმა უნდა, უცხოურ, ანუ უცხოური სახელმწიფოს, ან უცხოური ორგანიზაციის ან საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე. ეს არ ეხება ადგილობრივ გრანტებს, მაგრამ საუბარია იმაზე, რომ უცხოურ გრანტებთან მიმართებით დეფინიცია ძალიან გაფართოვდა და მოიცვა ნებისმიერი სახის ფინანსური წყარო. აქამდე თუ გრანტი იყო უცხოური წყაროებიდან სხვადასხვა მიზნობრიობით წამოსული დაფინანსება, ამ შემთხვევაში უკვე გრანტის ცნება გაფართოვდება და ფაქტობრივად, ნებისმიერი წყარო მოექცევა.

დღევანდელი მოცემულობით, პირდაპირ იწერება კანონში ასეთი რაღაც, რომ „ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირის სასარგებლოდ გაცემული ფულადი სახსრები ან ნატურალური სარგებელი“, მაგალითად, გარკვეული საქონელი, ნივთები, შეიძლება ჩაითვალოს გრანტად, თუ სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ ეს თანხა გამოყენებული იქნება გარკვეული პოლიტიკური გავლენის მოსახდენად საზოგადოებაზე ან სახელმწიფო ორგანოებზე. რა შეიძლება ჩაითვალოს „პოლიტიკურ გავლენად“, ნორმალურ შემთხვევაში, წესით, ეს კანონში უნდა ეწეროს, მაგრამ არ წერია. კანონში რომ რაღაც არ წერია და ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა, ეს რა თქმა უნდა, სუბიექტური განმარტების შესაძლებლობას აჩენს. რა ითვლება საჯარო პოლიტიკურ აქტივობად, ესეც კანონში უნდა იყოს განმარტებული, მაგრამ არ არის ასე, რათა ფართო ინტერპრეტირების შესაძლებლობა ჰქონდეს შესაბამის ორგანოს“, - აცხადებს ნიკა სიმონიშვილი.

მისივე თქმით, აქამდე გრანტის ცნება მეტ-ნაკლებად განსაზღვრებადი იყო და არსებობდნენ კონკრეტული სუბიექტები, ვის შეიძლება მიეღო გრანტი და რა მიზნობრიობით. ახლა კი სუბიექტიცა და მიზნობრიობაც ფართოვდება და გრანტის მიმღებად შეიძლება ნებისმიერი პირი ჩათვალონ.

„შესაძლოა, ვერც ვერავის დაუმტკიცონ, რომ პოლიტიკური მიზნით იყო გადმორიცხული თანხა, მაგრამ როგორც მინიმუმ გამოძიების დაწყების საფუძველი ეს ხომ არის? როგორც მინიმუმ ეს ხომ არის ადამიანისთვის დისკომფორტის საფუძველი? წარმოიდგინეთ, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა სრულიად არაფრის, სრულიად აბსურდის გამო რამხელა სტრესია.

ვფიქრობ, ეს კანონი სერიოზული ფსიქოლოგიური ტერორის ინსტრუმენტია და უფრო სწორია ვიკითხოთ არა ის, ვის ეხება ან არ ეხება, არამედ ის, ვის შეახებენ და ვის არ შეახებენ კანონს, ვისზე დასჭირდებათ და ვისზე არ დასჭირდებათ“, - აღნიშნავს ნიკა სიმონიშვილი.