თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პეტერ ფიშერმა „მედიახმის“ მიერ მედიაგარემოს ყოველწლიური შეფასების ანგარიშის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„ვფიქრობ, მედიასთან დაკავშირებით გარკვეული გამოწვევები არსებობს, მაგრამ ეს ჩემი ანგარიში არ არის. ერთი საკითხი, რომელიც გერმანიას აწუხებს არის ის, რომ ბოლო დროს ბევრი ჟურნალისტი დაშავდა, დააკავეს ან დიდი ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრეს“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
ელჩმა საქართველოში თავისუფალი და პლურალისტური ჟურნალისტიკის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„თავისუფალი და პლურალისტური ჟურნალისტიკა, პლურალისტური კი ბევრ განსხვავებულ აზრს ნიშნავს, დემოკრატიის საფუძველს წარმოადგენს. ქართველების გადასაწყვეტია, როგორი სახელმწიფო გსურთ, როგორი საზოგადოება გსურთ. თუმცა, თუ ევროკავშირში გაწევრიანება გსურთ, მაშინ თავისუფალი და პლურალისტური მედია გარემო უნდა გქონდეთ. ეს წინაპირობაა. თუ არ გაქვთ, მაშინ ვერ გაწევრიანდებით და ამ საკითხზე აკადემიური ანგარიშის ნახვა საინტერესოა“, - აღნიშნა საქართველოში გერმანიის ელჩმა.