„წყალი ჩვენც შეზღუდვით მოგვეწოდება, ცხადია, ხელი გვეშლება მუშაობაში," - ამის შესახებ „ავერსის კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე „ავერსის კლინიკის" ცენტრალურ ფილიალს  გააჩნია რეზერვუარები,რომლის მეშვეობითაც ხერხდება სათადარიგო წყლების შევსება და შემდეგ ოპერირება. „თუმცა, მაღალი დატვირთვის პირობებში ეს სრულად საკმარისი არ არის და ვცდილობთ მოვიძიოთ წყლები მანქანების საშუალებით, თუმცა, ჯერჯერობით ამას GWP ვერ ახერხებს," - აცხადებს ჯორბენაძე.

კითხვაზე, რამდენ ხანს არის საკმარისი შევსებული რეზერვუარი, „ავერსის" კლინიკის დირექტორი აცხადებს, რომ  სრული დატვრთვის შემთხვევაში  ეს მარაგი 1 დღესაც არ არის საკმარისი. მისი ინფორმაციით, საჭიროა დღეში რეზერვუარების  დაახლოებით  ორჯერ შევსება.

„მთელი დღე რომ კლინიკას წყალი ეყოს, ეს რეზერვუარები ძალიან დიდი მოცულობის უნდა იყოს. მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ  არანაირი ოპერაცია არ გადადებულა, ჯერჯერობით ვახერხებთ ყველა სტანდარტის დაცვით ოპერაციებსაც, სტერილიზაციასაც, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, გაჩერდება. ამ ეტაპზე ვახერხებთ," - აცხადებს ჯორბენაძე.

შეგახსენებთ, თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება გუშინ შეუწყდა. ამის მიზეზად კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა"  სოფელ წიწამურის მიმდებარედ თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრალურ მაგისტრალურ წყალსადენზე ავარიული დაზიანება დაასახელა.

გუშინვე კომპანიის მენეჯმენტში განაცხადეს, რომ GWP  მომხმარებლებს წყალს რეზერვუარების ალტერნატიული შევსებით მიაწვდის. კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების აღდგენის კონკრეტული დროების შესახებ ინფორმაციას, აბონენტები ინდივიდუალურად SMS შეტყობინების სახით მიიღებენ. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.