საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიუხედავად, აკადემიური კადრებისა და ჩასარიცხ სტუდენტთა რაოდენობა არ შემცირდება.

მიქანაძის თქმით, განათლების სამინისტროს მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები.

„ხაზგასასმელია, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება, მაქსიმალურად შევინარჩუნებთ აკადემიურ პერსონალს, გავწევთ ძალისხმევას, რომ მათი გამოცდილება, ცოდნა გამოყენებული იყოს როგორც სასწავლო კომპონენტში, ასევე კვლევით სამეცნიერო საქმიანობაში. ამასთანავე, მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს. ჩვენი მიზანია, განათლების სისტემაში გამჭვირვალედ, საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები გაერთიანდება. მისივე თქმით, გაერთიანებული სასწავლებლების სახელწოდებად თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი დარჩება.

1tv.ge