თბილისში ბინის ქირის ფასმა შემცირება განაგრძო და კვადრატულ მეტრზე თვეში 11.5 დოლარი შეადგინა, რაც ივნისის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით 0.8%-ით, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კი 9.1%-ით ნაკლებია, - ამის შესახებ TBC Capital-ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის ივლისის თვის მიმოხილვაში წერია.

"2024 წლის ივლისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა საგრძნობლად გაიზარდა და გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,435 შეადგინა, რაც 3%-ით აღემატება 2023 წლის ივლისის მაჩვენებელს და 18%-ით მეტია 2024 წლის ივნისის მაჩვენებელზე. გასული ორი თვის განმავლობაში ტრანზაქციების რაოდენობის მიყოლებით კლების შემდეგ, ივლისის თვეში გაყიდული ბინების რაოდენობამ 2024 წლის მიმდინარე პერიოდში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. სავარაუდოდ, ეს ზრდა წინა თვეებში გადავადებული მოთხოვნითაა განპირობებული.

ივლისში გასაყიდი ფასი $1,207-ს გაუტოლდა, რაც წლიურად 3.3%-იან, ხოლო თვიურად 2.5%-იან ზრდას წამოადგენს. ბაზრის მოცულობამ ივლისის თვეში $268 მილიონი შეადგინა და წლიურ ჭრილში 5%-ით გაიზარდა.

გასაქირავებელმა ფასმა ივლისშიც განაგრძო კლება და $11.5-ს გაუტოლდა, რაც გასული თვის მაჩვენებელს 0.8%-ით ჩამორჩება, ხოლო 2023 წლის ივლისთან შედარებით - 9.1%-ით.

ამავე პერიოდში, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგებმა 10.1% შეადგინა, რაც გასული წლის ივლისთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია.

2024 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში ნებართვა გაიცა 787 ათას კვადრატულ მეტრ საცხოვრებელ ფართობის მშენებლობაზე, რაც 2%-ით ჩამოუვარდება წინა წლის ამავე პერიოდს,"- ნათქვამია მიმოხილვაში.