საცხოვრებელი ბინის 1 კვ.მ-ის საშუალო ღირებულება თბილისსა და ბათუმში 1500 დოლარია, - აღნიშნულის შესახებ „კოლიერსის“ კვლევისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელმა ლეო ჩიქავამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში განაცხადა.

მისი განმარტებით, ბინებზე ფასების კლება 2026 წელს მოსალოდნელი არ არის.

„2026 წელს ორი ფაქტორი იქნება: ერთი ის, რომ 2022 წლის პროექტები, როცა მშენებლობის ბუმი იყო საქართველოში, უკვე გამოვა მეორეულ ბაზარზე. რაც შეეხება 2025 წელს, წლევანდელი წელი გამოირჩევა იმით, რომ ახალ პროექტებს ბანკები ნაკლებად აფინანსებენ, რამაც შესაძლოა, ფასის ზრდა გამოიწვიოს. თუმცა, ერთი ფაქტორი მეორეს აბალანსებს, ჭარბი მიწოდება არ იქნება და შესაბამისად, კლების ტენდენციები არ ჩანს“, - განმარტავს ლეო ჩიქავა.

ლეო ჩიქავას ინფორმაციით, პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, თბილისში 2025 წლის პირველი 4 თვე გაყიდვები შემცირებული იყო, თუმცა ამას გავლენა არ მოუხდენია ბათუმზე. მაისიდან კი ორივე ქალაქში გაყიდვების ტემპი მზარდია და საბოლოო ჯამში, 2024 წლის შედეგებს გადაასწრებს.

როგორც „კოლიერსის“ კვლევისა და მონაცემთა სერვისების ხელმძღვანელი აღნიშნავს, თბილისში ბინების 90%-ს საქართველოს მოქალაქეები ყიდულობენ, 4% მოდის ისრაელის, 2% - რუსეთის მოქალაქეებზე. რაც შეეხება ბათუმს, საქართველოს მოქალაქეების წილი იქ 50%-ია, 16% მოდის რუსეთის, ხოლო 9% - უკრაინის მოქალაქეებზე.