თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიოლნის მიმართულებით, მთავრობის მიერ ორგანიზებული დამატებული სპეციალური ჩარტერული რეისით, ქართველი გულშემატკივრების 219-კაციანი ჯგუფი გაემგზავრა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ქომაგები, რომელთაც ავიაბილეთები სუბსიდირებული ფასით შეიძინეს, 30 ივნისს საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში უგულშემატკივრებენ.

დღეს და ხვალ დამატებით კიდევ ორი ჩარტერული რეისი შესრულდება. სუბსიდირებული ბილეთებით ქართველი ქომაგები კიოლნიდან სამშობლოში 1-2 ივლისს დაბრუნდებიან.

სუბსიდირებული, ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა, შესაბამისად, ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება შეადგენს 390 ევროს შეადგენს.
ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანიები, „ჯორჯიან ეარვეისი“ და „ჯორჯიან ვინგსი“ ასრულებენ.

სუბსიდირებული ავიაბილეთით საქართველოს ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომლებიც ფეხბურთის მატჩზე დასასწრებ ბილეთებს ფლობენ.