თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოწყობილი „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო დღეები 14 იანვრამდე გაგრძელდება და „საახალწლო სოფელში“ მისულ სტუმრებს ბევრი საინტერესო ღონისძიება დახვდებათ.
„ნათქვამი გვქონდა, რომ „საახალწლო სოფელი“ 7 იანვრის ჩათვლის იფუნქციონირებდა, თუმცა შემოვიდა ბევრი წერილი თხოვნით, გახანგრძლივდეს საახალწლო დღეები. მივიღეთ გადაწყვეტილება და „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს. „საახალწლო სოფლის“ ტრადიცია 2017 წლიდან დავამკვიდრეთ, შევქმენით შესაბამისი სივრცე, რომელიც ყოველწლიურად უფრო მასშტაბური ხდება. წელს განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი „საახალწლო სოფელი“. უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც თბილისელები, ისე დედაქალაქის სტუმრები, ტურისტები. გვაქვს მრავალფეროვანი პროგრამა, მოქმედებს დიდი ყინულის მოედანი. ამ მასშტაბის ყინულის მოედანი არასდროს მოწყობილა. მიხარია, რომ ულამაზესად არის მორთული ჩვენი „საახალწლო სოფელი“. 14 იანვრამდე ყველას ექნება შესაძლებლობა, მოვიდეს შვილებით, შვილიშვილებით, გაერთოს, იხილოს წარმოდგენები, სხვადასხვა ღონისძიებები,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა აქვე, მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცა და ყველაფერი საუკეთესო უსურვა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს