„100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული ხანდაზმულები 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარს მიიღებენ.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოციალური პროგრამების განხორციელებას მიმდინარე წლის ბიუჯეტშიც ძირითადი ადგილი დაეთმობა.

 

„მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქის ბიუჯეტში ძირითადი მიმართულება ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, არის სოციალური პროგრამები. ჯერ კიდევ არსებობს ოჯახები, ვისაც ჩვენი მხრიდან თანადგომა სჭირდებათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ ადამიანებს ჩვენგან ხელშეწყობა ჰქონდეთ და არავინ დარჩეს პრობლემის პირისპირ. ჩვენ გვაქვს პროგრამა, როდესაც ადამიანს 100 წელი უსრულდება, დედაქალაქის მერია ჯილდოს სახით, 1 000 ლარს გადასცემს. წლების განმავლობაში ასე იყო, წელს კი მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯილდო 10-ჯერ გაიზარდოს და 10 000 ლარი გადავცეთ 100 წელს შესრულებულებს. მინდა, ამ ადამიანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

მისივე თქმით, თბილისის მერიამ გასულ წელს ფულადი დახმარება 1 000 ლარის ოდენობით, 57 ხანდაზმულს ჩაურიცხა, მათ შორის, 23-ს ერთი საუკუნე, ხოლო 34-ს, 101 და მეტი წელი შეუსრულდა.

 

„მოქალაქემ ან მისმა წარმომადგენელმა, თანხის მისაღებად, თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს 100 წელს მიღწეული მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში, თბილისში უწყვეტი რეგისტრაციის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი. იმ ხანდაზმულებს, რომლებმაც 2025 წლამდე აღნიშნული პროგრამით უკვე ისარგებლეს, განცხადების დაწერა აღარ მოუწევთ და ბენეფიტი პირდაპირ ჩაერიცხებათ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.