საყოვალთაო ჯანდაცვის ფარგლებში კლინიკების დაფინანსების ახალი სისტემის „დიარჯის“ ამოქმედების შემდეგ კარდიოქირურგია განვითარების ნორმალურ საწყისებს დაუბრუნდა და 520-ე დადგენილების შედეგად მიღებული ნეგატიური შედეგები უკვე დაკომპენსირებულია. ეს განცხადება jandacva.ge-სთან საუბარში კარდიოლოგმა, კავკასიის მედიცინის ცენტრის სამედიცინო დირექტორმა სულხან ლომინაძემ გააკეთა.
„კარგია, რომ კარდიოქირურგიაში ფიქსირებული ტარიფები აღარაა. ეს წინგადადგმული ნაბიჯია. ცხადია, როგორც ყველა ახლადდანერგილ სისტემაში, „დიარჯიშიც“ გარკვეული ფაქტორებია დასახვეწი და ამ საკითხებზე ჯანდაცვის სამინისტროსთან მუშაობა მიმდინარეობს. ზოგადად „დიარჯი“ კარგი სისტემაა, რომლითაც მთელი განვითარებული მსოფლიო მუშაობს. ტარიფებიც ადეკვატურია და ვერ შევადარებ იმ ფასებს, რომლებიც მანამდე მოქმედებდა,“ – განაცხადა ლომინაძემ. ამასთან კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ხარვეზები სახარჯი მასალის ხარისხს, აღნიშნა, რომ ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არის და საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ჩატარებულ ოპერაციებში ევროპის გაიდლაინებით აღიარებული პროდუქცია გამოიყენება.
„არის გამონაკლისები, როდესაც პაციენტს ძალიან მაღალი ხარისხის, განსაკუთრებული სტენტი უნდა, რომელიც არცერთი ქვეყნის საყოველთაო ჯანდაცვის მსგავსი პროგრამებით არ იფარება. თუმცა ზოგადად პრაქტიკაში ვიყენებთ ევროპული გაიდლაინებით აღიარებულ მასალას, რომელიც ძალიან კარგი ხარისხისაა,“ – განაცხადა სულხან ლომინაძემ.
შეგახსენებთ, რომ 520-ე დადგენილება, რომლის მიზანიც ტარიფების გათანაბრება იყო, 2019 წელს, ეკატერინე ტიკარაძის მინისტრობის პირობებში ამოქმედდა.
მაშინ კარდიოქირურგიის დარგის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დაწესებული ტარიფები ვერ ფარავდა ოპერაციების რეალურ ღირებულებას და პაციენტის ხარისხიან მომსახურებას ვერ უზრუნველყოფდა. დაფინანსების ახალი, „დიარჯი“ მეთოდი კი გასული წლის ნოემბრიდან ამოქმედდა.