აპლიკაციით დასაქმებული ტაქსის მძღოლები Yandex-სა და Bolt-თან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ. მათ თბილისის საქალაქო სასამართლოში კომპანიების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. მანამდე კი პროფკავშირების გაერთიანებასთან ერთად აქცია რესპუბლიკის მოედანზე გამართეს.
დასაქმებულების განცხადებით, აუცილებელია, მათი შრომა აღიარებული იყოს და გადასახადების გადამხდელებად ჩაითვალონ.
გარდა ამისა, მათივე თქმით, მოთხოვნაა არა საავტობუსო ზოლში B კატეგორიის ტაქსებისთვის მოძრაობის უფლების მიღება, არამედ – მხოლოდ მგზავრის ჩასმა-ჩამოსმის.
„ამ დროისთვის, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა პირდაპირ მთავრობიდან, მერიიდან ან მუნიციპალიტეტიდან წარმომადგენლის გამონახვა, რომელიც გაუწევს მედიატორობას ჩვენსა და „იანდექსსა“ და „ბოლტს“ შორის მოლაპარაკებას, რომელთაც არანაირი წარმომადგენლობა, ოფისი ან მომსახურების ცენტრი არ აქვს საქართველოს არცერთ რეგიონში.
დღევანდელი სარჩელი შეეხება იმას, რომ პლატფორმული დასაქმება გადავიდეს შრომით ხელშეკრულებაში, იმიტომ, რომ ამდენი გადახდილი პროცენტი ტყუილად არ უნდა იფანტებოდეს. უნდა ვჩანდეთ ჩვენც, როგორც გადასახადების გადამხდელები.
რაც შეეხება საავტობუსო ზოლზე გადაადგილებას, ამ ზოლში B კატეგორია არ მოითხოვს მოძრაობის უფლებას. ამან გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი. ვითხოვთ, მუნიციპალიტეტმა გამოყოს ადგილები წყვეტილი ზოლებით, სადაც B კატეგორია მხოლოდ მგზავრის ჩასმას ან ჩამოსმას შეძლებს. ეს არის მხოლოდ მგზავრის და ჩვენივე უსაფრთხოებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვითხოვთ მოძრაობის უფლებას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ზურაბ ბუნტურმა.
პროფკავშირების გაერთიანების იურისტი, ლევან ხვინგია „პუბლიკასთან“ საუბრისას ამბობს, რომ აუცილებელია დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდეს, რადგან ტაქსის მძღოლების უფლებები ირღვევა იმ კუთხით, რომ მათთან ურთიერთობის შეწყვეტა საფუძვლის გარეშე ხდება.
„იანდექსის” და „ბოლტის” პარტნიორი მძღოლები არ მიიჩნევიან ამ კომპანიებთან შრომით ურთიერთობაში მყოფ დასაქმებულებად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებთან გაფორმებულია მომსახურების ხელშეკრულება, ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქმება მხარეებს შორის და დასაქმებულები, ვისთვისაც ასრულებენ სამუშაოს, მათ პარტნიორებად ითვლებიან.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანებსა და კომპანიას შორის რაღაცა კონკრეტული შეთანხმება პლატფორმაზე რეგისტრაციის დროს ფორმდება, ეს ადამიანები ითხოვენ რეალურად შრომითი ხელშეკრულების დადებას.
ამ ადამიანების უფლებები ირღვევა, მაგალითად, ხელშეკრულების შეწყვეტით, იმგვარად, რომ შესაბამის სამართლებრივ საფუძველს არ იკვლევენ. მხოლოდ ის, რომ მგზავრმა უარყოფითი შეფასება დაუწეროს მძღოლს თუნდაც შემთხვევით, ავტომატურად ხდება ამ ადამიანებთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი. ასევე, ტარიფები კონტროლდება განსხვავებულად, ცალმხრივად იცვლება კომპანიების მხრიდან და ეს ყველაფერი ნეგატიურად აისახება მძღოლების შემოსავალზეც“, – ამბობს ლევან ხვინგია.
გასულ კვირას თბილისში აპლიკაციით მომუშავე ტაქსის მძღოლებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს და ავტობუსის ზოლში მოძრაობის პირობები გააპროტესტეს. აღნიშნეს, რომ რეგულაციების გამო, ჯარიმების რაოდენობა გაიზარდა. თუმცა მათი პროტესტის მთავარი მიზეზი ტარიფები და აპლიკაციებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებაა.
დღეს ტაქსის მძღოლების პროტესტს თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მათ შესაბამისი დრო ჰქონდათ განსაზღვრული იმისთვის, რომ კატეგორია აერჩიათ და მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათით ესარგებლათ.
თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსის ზოლში მოძრაობის უფლება, გარდა საზოგადოებრივი ტრანსპორტისა, აქვს სახანძრო, სამაშველო, სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ავტომანქანებს (როცა ჩართული აქვთ შესაბამისი ციმციმა) – ასევე, ავტობუსის ზოლში გადაადგილება შეუძლიათ სასკოლო ავტობუსებს და მხოლოდ A კატეგორიის ტაქსების გარკვეულ ნაწილს მგზავრის აყვანა-ჩამოსმის მომენტში, თუ ამ დროს ხელს არ უშლიან ამავე ზოლში მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.
წყარო: პუბლიკა