„თამბაქოს პროდუქციის სააქციზო გადასახადი არა თუ უნდა შემცირდეს, არამედ უნდა გაიზარდოს“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელმა გიორგი მაღრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ჯანმრთელობის გაუარესება და სიკვდილიანობა ქვეყნის ეკონომიკას აწვება. ამიტომ, თამბაქოს ინდუსტრიიდან შემოსული მოგება გაცილებით ნაკლებია იმ ზარალთან შედარებით, რასაც ამ პროდუქტის მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის და სოციალური თვალსაზრისით.

„თამბაქოს კონტროლის ცენტრი მიიჩნევს, რომ არ უნდა შემცირდეს თამბაქოზე სააქციზო გადასახადი. ამ შემთხვევაში საუბარია თუთუნის, საჩილიმე თამბაქოს, ასევე საღეჭი და სასუნთქი თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის განახევრებაზე მაშინ როცა, თუთუნზე აქციზი 3-ჯერ ნაკლებია ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით. შესაბამისად, არა თუ უნდა შემცირდეს, პირიქით უნდა მოიმატოს ამ პროდუქციაზე გადასახადმა. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიღებს ქვეყანა ეფექტს, იქნება დაცული. ჯანმრთელობის გაუარესება და სიკვდილიანობა აწვება ქვეყნის ეკონომიკას. თამბაქოს ინდუსტრიიდან შემოსული მოგება და შემოსავალი გაცილებით ნაკლებია იმ ზარალთან შედარებით, რასაც ამ პროდუქტის მოხმარება იწვევს ჯანმრთელობის და სოციალური თვალსაზრისით“, - ამბობს გიორგი მაღრაძე.

მისი თქმით, ერთის მხრივ, „ეს ურტყამს მოსახლეობის ჯანმრთელობას, მეორეს მხრივ ხელს უწყობს იმას, რომ თამბაქოს ინდუსტრია ისევ გავლენას მოახდენს გადაწყვეტილებების მიღებასა და გარკვეულ სამთავრობო წრეებზე. ეს ინიციატივა პირდაპირაა ნაკარნახევია თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან, რომ კონკრეტული თამბაქოს მწარმოებელი კომპანიების კონკრეტული ბრენდების ინტერესები იყოს დაცული და მათ შეექმნათ სასათბურე პირობები მეტი შემოსავალი და მეტი მოგება მიიღონ თავიანთი მკვლელი პროდუქტის რეალიზაციით“, - ამბობს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, რომ თამბაქოსთან მიმართებით აქციზის შესაძლო შემცირების თაობაზე კანონპროექტი პარლამენტში დარეგისტრირდა, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით გაერომ განცხადება გაავრცელა, სადაც გამოთქმულია შეშფოთება ინიციირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეული სახის თამბაქოს პროდუქციაზე აქციზის შესაძლო შემცირების ისახავს მიზნად და ამ თემასთან დაკავშირებით გაერო მიიჩნევს, რომ ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი იმ მიზნებისგან, რასაც ქვეყანა მიყვება ბოლო წლების განმავლობაში.

„ძალიან სამწუხარო რეალობასთან გვაქვს საქმე. მართლაც ქვეყანამ 2017 წლის შემდეგ ძალიან მყარი და მკაფიო ნაბიჯები გადადგა, რომ გაძლიერებულიყო ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში და მან უკვე გამოიღო გარკვეული შედეგები, გაიზარდა მწეველების შემცირების და, ზოგადად, მოხმარებული თამბაქოს შემცირების მხრივ ტენდენცია, შემცირდა ის კონკრეტული დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია თამბაქოს მოხმარებით. მსგავსი ინიციატივები აქამდე ჩატარებულ ძალისხმევებს წყალში ყრის და უკან გადადგმული ნაბიჯია“, - ამბობს გიორგი მაღრაძე.