მთავრობის 432-ე დადგენილებამ სტომატოლოგებში უამრავი კითხვა გააჩინა. ათასობით სტომატოლოგის კითხვები ,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგამ’’ გააერთიანა და წერილობითი სახით ჯანდაცვის სამინისტროს გაუგზავნა. ორგანიზაციას სამინისტროსგან პასუხი 23 ოქტომბერს უნდა მიეღო, თუმცა ვადა ამოიწურა და ექიმებს პასუხები არ აქვთ. ,,კომერსანტი“ ,, ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგას’’ დაუკავშირდა. ორგანიზაციაში პასუხის დაგვიანების ორ მიზეზს ასახელებენ.

,,პასუხის დაგვიანების მიზეზი შეიძლება იყოს საარჩევნო პერიოდი. საარჩევნო პერიოდის ციებ-ცხელების გამო საერთოდ არ ახსოვთ ეს პრობლემები და ამიტომ არ ვღებულობთ პასუხს. მეორე ვერსია შეიძლება დავუშვათ, რომ პასუხი გზაშია და ჯერ არ მოგვსვლია შეტყობინება, რომ მობრძანდით და გაეცანით თქვენს პასუხს.’’- აცხადებენ ლიგაში.

ორგანიზაცია შემდეგ ეტაპზე სამართლებრივი დავის დაწყებას გეგმავს. ,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში’’ განმარტავენ, რომ დაახლოებით 10 სამუშაო დღეში სასამართლოს სარჩელით მიმართავენ.

,,სამართლებრივი ქმედებები გვაქვს უკვე გეგმაში. ეს ნიშნავს, რომ გავასაჩივრებთ ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, დადგენილებას. გეგმაში გვაქვს, რომ ჩავრთოთ აბსოლუტურად ყველა უფლებადამცველი ორგანიზაცია, რომელიც სწორად განსაზღვრავს ჩვენს ვალდებულებებს და სახელმწიფოს მიერ დავალებულ ვალდებულებებს, რომელიც საერთოდ არ არის კავშირში ჩვენს პირად საქმიანობასთან, პროფესიულ ღირსებასთან, განათლებასთან და უწყვეტ განვითარებასთან. სამართლებრივი დავა უფრო დაიწყება ადამიანის პროფესიული საქმიანობის მიმართ უფლებების შეზღუდვაზე. ლიგა ითხოვს მინისტრისგან პასუხებს იმ კითხვებზე, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ. არაერთხელ გავაკეთეთ აქცენტები და არაერთხელ ჩავშალეთ ის პრობლემური საკითხები, რომლებიც გვაწუხებდა. ბოლოს იქამდე მივედით, რომ პრემიერ-მინისტრს მივმართეთ. პრემიერმა კი ძალიან სწრაფად იმოქმედა და წერილი ჯანდაცვის სამინისტროს გადასცა. სამინისტრო დღემდე დუმს. დუმილის რეჟიმში არიან გადასულები. ჯანდაცვის სამინისტროს ალბათ, რომ ჰქონდეს უფლება, როგორც ბრალდებული ირჩევს დუმილის უფლებას მთელი ცხოვრება, ისიც ალბათ მთელი ცხოვრება აირჩევდა დუმილის უფლებას.’’- აცხადებენ ,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში’’.

გაურკვევლობა მთავრობის 432-ე დადგენილებას უკავშირდება, რომელიც სტომატოლოგებს უწყვეტ სამედიცინო განათლების სისტემაში ჩართვასა და ტრენინგებზე დასწრების ვალდებულებას აკისრებს. დადგენილების თანახმად 2025 წლის 1-ელი იანვრიდან, სტომატოლოგებს ვალდებულება უჩნდებათ, რომ შესაბამის აკრედიტებულ ტრენინგებზე დასწრებით წელიწადში მინიმუმ 20 უწყვეტი სამედიცინო განათლების (უსგ) ქულა დააგროვონ. ,,ჯანდაცვის განვითარებისა და უფლებათა დაცვის ლიგაში’’ აცხადებენ, რომ სტომატოლოგები საჭირო ქულების მოგროვებას ვერ ახერხებენ. მიზეზი ბევრია. ლიგაში განმარტავენ, რომ ტრენინგების ნაწილი სტომატოლოგებმა ისე გაიარეს, რომ მისი დასრულების შემდეგ ქულები არ მიუღიათ, რადგან ეს ტრენინგები აკრედიტებული არ იყო და მათ აკრედიტაცია შემდეგ მიენიჭათ. აღნიშნულის გამო, სტომატოლოგებს რიგი ტრენინგების გავლა თავიდან მოუწევთ. გარდა ამისა, ტრენინგზე დაშვებული მონაწილეების რაოდენობა 15-20 მონაწილეა. ლიგაში აცხადებენ, რომ ეს მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და განსაზღვრულ ვადამდე ყველა სტომატოლოგი ტრენინგების გავლას ვერ შეძლებს. კიდევ ერთი საკითხი ტრენინგების ფასს უკავშირდება. ლიგაში განმარტავენ, რომ პროფესიაში მოსულ ახალ კადრებს საჭირო თანხების მობილიზება გაუჭირდებათ. პრობლემურია სანქციების ნაწილიც. კლინიკა, რომელიც 20 ქულაზე ნაკლების მქონე სტომატოლოგს ასაქმებს 1000 ლარით დაჯარიმდება. სტომატოლოგების კითხვების დიდი ნაწილი ამ საკითხსაც უკავშირდება. ამ დრომდე გაუგებარია, შეეზღუდებათ თუ არა სტომატოლოგებს მუშაობის უფლება არასაკმარისი ქულების რაოდენობის შემთხვევაში.