კონცერტებზე, ფესტივალებზე, გამოფენებსა ან კინოთეატრებში წასვლასთან ან ადგილობრივ დღესასწაულებში მონაწილეობასთან დაკავშირებული საერთაშორისო ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა 2023 წლის III კვარტალში დაფიქსირდა, რაც, სავარაუდოდ, განაპირობა „Starring Georgia“-ს კამპანიამ, რომელიც 2023 წელს დაიწყო ქვეყნის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, - ამის შესახებ PMCG-ის კვლევითი ცენტრის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში წერია.

მიმოხილვის მიხედვით, ორწლიანი მუსიკალური კამპანიის ფარგლებში, ჯამში, რვა ღონისძიება გაიმართა ხუთ სხვადასხვა ლოკაციაზე. მაგალითად, 2023 წლის აგვისტოში სცენა დაიკავა ცნობილმა ბენდმა Imagine Dragons.

„2024 წლის აგვისტოში Starring Georgia-მ განაცხადა, რომ ორწლიანი კამპანიის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს 125,000-მდე დამსწრე ჰყავდა, მათ შორის- 18,750 ტურისტი, რომლებმაც ქვეყანაში 60 მლნ ლარი დახარჯეს. ამ კონცერტების ბილეთების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავალმა კი 21,4 მილიონი ლარი შეადგინა, სადაც ტურისტების წილი 16% იყო. კონცერტები გაიმართა სხვადასხვა ლოკაციებზე, მათ შორის ბლექ სი არენაზე, მიხეილ მესხის სტადიონზე, დინამო არენასა და „სოციალურ სივრცეში“.

Starring Georgia 70 მილიონი ლარის სახელმწიფო სუბსიდიას იღებს. თუმცა, 2023 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ეს კამპანია მომგებიანი არ ყოფილა. ორგანიზების ხარჯებმა ჯამში 37 მილიონი ლარი შეადგინა, ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალმა- 15 მილიონი ლარი, ხოლო სპონსორობის შემოსავალმა- 3 მილიონი ლარი.

სამხრეთ კავკასიის რეგიონი რამდენიმე ფართომასშტაბიან საკონცერტო სივრცეს აერთიანებს, რომლებიც უმნიშვნელოვანესია ტურისტების მოსაზიდად და გლობალურ მუსიკალურ ტურიზმში რეგიონის მოწინავე მოთამაშედ პოზიციონირებისთვის. ასეთი დარბაზების საერთო ტევადობის მიხედვით, საქართველო და აზერბაიჯანი მეტ-ნაკლებად თანაბარ პოზიციებს იკავებენ, თუმცა სომხეთი მათ ჩამორჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ აზერბაიჯანი რეგიონში ერთ-ერთ უდიდეს დარბაზს ფლობს, კერძოდ, ბაქოს ოლიმპიური სტადიონს, რომლის ტევადობა 69,870-ს შეადგენს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, 2024 წლის III კვარტალში საერთაშორისო ვიზიტებმა, რომლებიც მოიცავდა კონცერტებზე, ფესტივალებზე, გამოფენებსა ან კინოთეატრებში წასვლას, ან ადგილობრივ დღესასწაულებში მონაწილეობას, 99.7 ათასი შეადგინა (მთლიანი საერთაშორისო ვიზიტების 5%), ხოლო შიდა ვიზიტებმა - 33.9 ათასი (მთლიანი შიდა ვიზიტების 0.6%). 2024 წლის III კვარტალში იმ საერთაშორისო ვიზიტორებისგან მიღებულმა შემოსავალმა, რომლებმაც ზემოხსენებული აქტივობებიც განახორციელეს, დაახლოებით 66.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24%-ით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.