„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, ქ. თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების თაობაზე. ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმაში მონაწილე პირების და მათი თანამზრახველების იდენტიფიცირების, ასევე, გადაადგილების მარშრუტის დადგენის მიზნით, შემოწმდა შემთხვევის ადგილის სიახლოვეს და ძველი თბილისის რაიონის სხვადასხვა ქუჩებზე განთავსებული 35 ობიექტის სამეთვალყურეო ვიდეოკამერები, რომელთა დიდი ნაწილიც გადაუდებელი წესით და სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულია“ – ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„თავდასხმის ამსახველ კადრებზე, ასევე, გამოძიების მიერ მოპოვებულ სათვალთვალო ვიდეო კამერის ჩანაწერებზე, სადაც აღბეჭდილია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების გადაადგილება, ვიდეოხარისხის გასაუმჯობესებლად, ჩანაწერებში ასახული პიროვნებების იდენტიფიცირების, მათი აღნაგობის, სიმაღლის, სიარულის მანერის და სხეულის სხვა თავისებურებების დასადგენად, მათ შორის გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებებთან შესადარებლად, ლ. სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზა.

ერთ-ერთი ტელეკომპანიის სატელევიზიო ეთერში, დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გამოიკითხა აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტი, რომელმაც დანაშაულში შესაძლო მონაწილე პირთა თაობაზე გამოძიებას სხვადასხვა წყაროსგან მიღებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არ ისურვა წყაროს დასახელება. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩატარდა ოთხი პირის: გ.ლ.-ს,  ლ.თ.-ს, გ.კ.-ს და  ზ.ძ.-ს  პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკები, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მათი კუთვნილი ტანსაცმელი, მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები. მოხდა დასახელებული პირების და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვა.

გამოძიების მიერ დათვალიერდა ამოღებული მობილური ტელეფონები და სხვა ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ნივთები, რის შემდეგაც მათ მეხსიერებაში დაცული ინფორმაციის აღდგენის მიზნით, ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა.

გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნებების დაზარალებულთან შესაძლო ფიზიკური შემხებლობის და გენეტიკური პროფილების დასადგენად ლ.სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დაინიშნა კომპლექსური ბიოლოგიურ-გენეტიკური, ტრასოლოგიური და ქიმიური ექსპერტიზა.

ვიდეომასალის შესწავლითა და სხვა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი და გამოკითხული იქნა ინციდენტის შემსწრე და მიმდებარედ მცხოვრები 10 მოქალაქე.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტიდან მოთხოვნილი იქნა ინფორმაცია შემთხვევის ადგილის სიახლოვეს მყოფი პოლიციის თანამშრომლების, ბორტის და სამხრე ვიდეოკამერის ჩანაწერების თაობაზე.

სატელეფონო ანძების და გამოძიებისთვის საინტერესო პირების გადაადგილების შესასწავლად მობილური ოპერატორებიდან მიმდინარეობს ინფორმაციის გამოთხოვა და დამუშავება.

დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული დაზარალებულად იქნენ ცნობილი.

საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის, ძარცვის და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილის, 118-ე მუხლის მეორე ნაწილის და 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ჟურნალისტებზე თავდასხმაში მონაწილე პირების იდენტიფიცირებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად კანონით მოთხოვნილი მტკიცებულებათა სტანდარტის შესაქმნელად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას“ – ნათქვამია განცხადებაში.