სოფელ არჩეულში სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას ითხოვს - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი ოჯახის საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და სახურავი სტიქიამ მთლიანად დაანგრია, რის გამოც პირველ სართულზე ცხოვრება რისკებს შეიცავს.

სოციალურად დაუცველი ქალი, რომელიც მცირეწლოვან შვილებს მარტო ზრდის, ადგილზე არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს:

"ბავშვი ავიდა სახურავზე, ერთი მხარე გადმოყარა და თან ჩამოინგრა. სასწაულმა გადაარჩინა ბავშვი. ერთი ზემოთ სახურავზე იყო, მეორე ქვემოთ. ეს, რასაც ხედავთ ეს, რომ არ გადარჩენილიყო ორი ბავშვი დამეღუპებოდა ნამდვილად. ხელისუფლების წარმომადგენელი არავინ არ მოსულა. იმ დღესვე დავრეკე ცხელ ხაზზე დილით შევეხმიანე გამგეობას, მოვლენო მეუბნებიან, მაგრამ მომსვლელი არავინ არ არის. ან აღადგინონ, ან რაღაც საცხოვრებელი მომცენ, ან კომპენსაციის სახით რაღაც დახმარება გამიწიონ. სამი წლის წინ შევიტანე განცხადება სახურავზე, არავინ არ მომაქცია ყურადღება. შეამოწმეს და კარგი სახურავიაო, მაშინ რომ დახმარება გაეწიათ ახლა ამ დღეში არ ვიქნებოდი'", - ამბობს ადგილობრივი.

უფლებადამცველის თამაზ ბაკურიძის თქმით, რამდენიმე დღე გავიდა, თუმცა დაზარალებულ ოჯახებთან ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან და მერიიდან არავინ მისულა და მათი პრობლემებით და ზარალით არავინ დაინტერესებულა.

"გულსატკენია, რომ მთელი ამ დროის მანძილზე უკვე რამდენი დღე გავიდა ოჯახში არავინ არ მისულა. არავინ არ დაინტერესებულა მერიიდან, მუნიციპალიტეტიდან, რომ ხალხო ეს რამხელა ზარალი მოგივიდათ, სად ცხოვრობთ, როგორ უნდა იარსებოთ, რა უნდა გააკეთოს. სოციალურად დაუცველია, მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავს, მარტოხელა დედაა", - ამბობს თამაზ ბაკურიძე.

წყარო: tv pirveli