სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლის დაბრუნების ინიციატივა პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო.
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს, რომლის თანახმად სისხლის სამართლის კოდექსს 307¹ მუხლი ემატება, 86 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.
307¹ მუხლი სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს დაარეგულირებს. აღნიშნული ნორმის თანახმად, სამშობლოს ღალატად მიჩნეული იქნება საქართველოს მოქალაქის მიერ ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ ჩადენილი ისეთი ქმედებები, როგორებიცაა: საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა, სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ჯაშუშობა, შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, საბოტაჟი ან/და უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.
პროექტის ავტორები და ინიციატორები ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ დეპუტატები არიან.