საათების მწარმოებელმა შვეიცარიულმა კომპანია Urwerk-მა დავით კაკაბაძესთან კოლაბორაციით ახალი საათი UR-100V TIME AND CULTURE IIIწარადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას ბიზნესმენი რესან ქიქავა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისი თქმით, ეს არის უნიკალური საათი, რომელიც ოქროსია და URWERK-ისთვის მინანქარში შესრულებული პირველი ნამუშევარია.
„მეგობრებო, მინდა სიხარულით გაგაცნოთ პროექტი, რომელზეც სამი წლის განმავლობაში ვიმუშავე David Kakabadze-სთან ერთად.
შვეიცარიული საათების ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მწარმოებელმა Urwerk-მა, David Kakabadze Art Studio-სთან თანამშრომლობით, თავის ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მოდელზე, ქართველების მიერ ტიხრულ მინანქარში შესრულებული ციფერბლატი ჩასვა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კედლიდან აღებული მაცხოვრის ფრესკის გამოსახულებით.
აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ მინანქრის ნაწილი, არამედ თავად ციფერბლატის ეს რთულად შესასრულებელი ფორმა, დავით კაკაბაძის სტუდიაში დამზადდა, რაც მნიშვნელოვანი საინჟინრო მიღწევაა.
ეს კოლაბორაცია და ეს ფაქტი არის ისტორიული მოვლენა, შვეიცარიული საათების სამყაროში ჩვენი ქვეყნის კულტურის გაცნობის, ჩვენი უნიჭიერესი ხელოვანების აღიარების და მომავალი თაობების წარმატებების გზის გასაკაფად.
გილოცავთ ყველას, ვულოცავ David Kakabadze-ს, მის სტუდიას, მადლობა ღმერთს და წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, - წერს რესან ქიქავა.