„უმნიშვნელოვანესია ისეთი ცვლილებები, რომლებიც 2013, შემდეგ 2020 წლებში გატარდა შრომით კოდექსში. ამან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა დასაქმებულთა დაცვის მიმართულებით რეგულაციები, თუმცა გამოწვევები ჯერ კიდევ ბევრია“, ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ნინო ლიპარტიას გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე, თამარ სურმავამ განაცხადა. მისი თქმით, დასაქმებულებისთვის ყველაზე კრიტიკული მომენტი ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხია.
„თუ სასამართლო სტატისტიკასაც გადავხედავთ, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, დავების უდიდესი პროცენტი უკანონო გათავისუფლებებს ეხება. შეწყვეტასთან დაკავშირებით, თვითონ საფუძვლებს რაც შეეხება, 2013 წლამდე შეწყვეტის საფუძვლები იყო ძალიან ბუნდოვანი და ზოგადი და დამსაქმებელს შეეძლო დასაქმებული სამსახურიდან ნებისმიერ დროს გაეთავისუფლებინა. 2013 წელს განისაზღვრა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები და ეს ჩამონათვალი 2020 წელს არ შეცვლილა“, - განაცხადა თამარ სურმავამ.
მისი თქმით, ამ ცვლილებების კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება უფლების რესტიტუციის საკითხს ეხებოდა - უკანონოდ გამათავისუფლეს, დაირღვა ჩემი უფლებები და სასამართლომ უსამართლოდ მიიჩნია ჩემი გათავისუფლება, რა ხდება შემდეგ?
მისი განმარტებით, 2020 წლამდე ასეთ დროს ხდებოდა ან ადამიანის სამსახურში აღდგენა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა, ან კომპენსაციის განსაზღვრა. მაგრამ 2013 წლიდან შეუსაბამო სასამართლო პრაქტიკა იყო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით. ისეთი კომპენსაცია განისაზღვრებოდა, რაც სტანდარტთან და გონივრულობასთან ახლოს არ იყო - როცა ადამიანი სამსახურში აღდგებოდა, იღებდა გაცდენილი თვეების კომპენსაციას და მხოლოდ კომპენსაციის დადგენის შემთხვევაში, სასამართლოს მიერ აღუდგენლობის კომპენსაციას.
„შემდეგ უკვე კომპენსაციის ნაწილში მნიშვნელოვანი ჩანაწერი გაჩნდა, რაც სასამართლოს ავალდებულებს ასეთ რამეს, თუ აღდგენა არ ხორციელდება, განისაზღვრება აღუდგენლობის გამო კომპენსაცია და ამ კომპენსაციასთან ერთად იძულებითი განაცდურის კომპენსაცია სამსახურში აღდგენის დღემდე. მაგ.: თუ ადამიანი სამსახურში აღდგება, ის იღებს იძულებით განაცდურს; თუ ვერ აღდგება, ის იძულებით განაცდურს და აღუდგენლობის გამო კომპენსაციას იღებს“, - განმარტავს თამარ სურმავა.
გადაცემის მეორე სტუმრის, კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრის მრჩეველ, მარიამ ქუჩულორიას თქმით, სანამ საქმე სასამართლომდე მივა უმნიშვნელოვანესია მხარეებს შორის დიალოგი. მათ პროექტი სწორედ ამ პროცესის განვითარებას და წარმართვას ემსახურება.
„როცა შრომითი უფლებების გაუმჯობესებაზე ვსაუბრობთ, თუნდაც შეწყვეტაზე, ამდენი დავა სასამართლოში არ იქნებოდა, დამსაქმებელი და დასაქმებული ერთ მაგიდასთან რომ დამსხდარიყვნენ და ესაუბრათ ამ პრობლემაზე“, აცხადებს მარიამ ქუჩულორია.
„ჩვენი პროექტი სწორედ ასეთ პროცესებს უჭერს მხარს. ის ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერაა მხარდაჭერილი და გულისხმობს იმას, რომ ერთობლივად მოხდეს დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ჩართულობა პროცესში. ბიზნესის მხარეს მოქმედებს ორგანიზაცია, რომელსაც მე დღეს წარმოვადგენ და დასაქმებულების მხარეს - სოლიდარობის ცენტრი, რომელიც უშუალოდ პროფკავშირებთან თანამშრომლობს და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაახლოოთ ერთმანეთთან დასაქმებულთა და ბიზნესის წარმომადგენლები“, - განაცხადა მარიამ ქუჩულორიამ.