„ბათუმელების“ ცნობით, შეკვეთილში, სასტუმრო „მირაჟში“, ორგანიზაცია „რუსული კლუბის“ მიერ ორგანიზებული სემინარი ტარდება, რომელსაც ქართული საჯარო სკოლების მასწავლებლები ესწრებიან.

სწავლებას, სავარაუდოდ, სანქცირებული Россотрудничество [უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალურ სააგენტო] აფინანსებს – მათ ამ სემინარის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდზე აქვთ განთავსებული.

Россотрудничество-ის თავმჯდომარე ევგენი პრიმაკოვია. ორგანიზაციის ინფორმაციით, მსგავს სწავლებებს ორგანიზაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებშიც მართავს. ვებგვერდზე კი აფხაზეთი და სამაჩაბლო, დამოუკიდებელ ქვეყნებად აქვს მითითებული. ორგანიზაციის ვებსაიტის მიხედვით, სემინარი რუსული ენის პოპულარიზაციას ემსახურება.

სასტუმროს ადმინისტრაციის ცნობით, ტრენინგში, საჯარო სკოლების, დაახლოებით, 30 მასწავლებელი მონაწილეობს.

როგორც „ბათუმელები“ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, ამ სემინარებს წინა წლებში საქართველოში სწორედ Россотрудничество აფინანსებდა, რასაც „რუსული კლუბის“ ხელმძღვანელი, ნიკოლაი სვენტიცკი გამოცემასთან სიცრუეს უწოდებს.

დღის წესრიგის მიხედვით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, სემინარში მასწავლებლების გარდა უნივერსიტეტების, იუსტიციის სახლის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც უნდა მონაწილეობდნენ.

„სემინარის დღის წესრიგში მითითებულია, რომ ღონისძიების ბოლოს – გალა საღამოზე, რომელიც 14 ივლისს უნდა გაიმართოს, გამარჯვებულ ბავშვებს რუსეთის ინტერესების სექციის ხელმძღვანელი, დიმიტრი ტრიფომოვი დააჯილდოებს“, – წერს „ბათუმელები“ და მიუთითებს, რომ „სულ მიწვეულია 100 სტუმარი“.

Россотрудничество 2008 წელს პუტინის ბრძანებულებით შეიქმნა და მათი მიზანია რუსული გავლენების გაზრდა და პოპულარიზაცია მსოფლიოში, განსაკუთრებით კი დსთ-ს ქვეყნებში. „ბათუმელების“ ცნობით, 2021 წლიდან მათ მიიღეს არაფორმალური სახელი „რუსული სახლი“.

„ბათუმელების“ შეკითხვებს, აქვთ თუ არა რუსეთიდან მოწვეულ ტრენერებს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული, არ პასუხობენ არც შსს-ში და არც სუს-ში. შეკითხვებს არ პასუხობენ განათლების სამინისტროშიც.