გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამის „სატყეო სკოლა“ ფარგლებში მიმდინარე სასწავლო კურსი დასრულდა.

როგორც "კომერსანტს" გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, პროგრამა მეტყევის პროფესიის პოპულარიზაციის მიზნით, განხორცილდა.

სასწავლო კურსის ფარგლებში,  IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ,  ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ  ტყის მდგრადი მართვისა და ბიომრავალფეროვნების შესახებ. 

"ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდებმა შესაბამისი ინფორმაცია და ცოდნა მიიღეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: საქართველოს ტყეები, ტყის როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, ტყის ტიპები, მერქნული და არამერქნული რესურსები, ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, ტყის ბიომრავალფეროვნება, კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა ტყეზე, ტყის ხანძრები, ტყის აღდგენა-გაშენება, ენერგოეფექტურობა და ალტერნატიული საწვავი, როგორც ტყეზე ზეწოლის შემცირების შესაძლებლობა, დაცული ტერიტორიები, ეკოტურიზმი, ტყეზე მონიტორინგისა და კანონაღსრულების მექნიზმები, ტყის ჭრის აღრიცხვიანობა, მეტყევის პროფესია, სატყეო განათლება და დასაქმების სექტორები. კურსდამთავრებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ონლაინ სემინარების შემდეგ, ახალგაზრდებმა საველე პრაქტიკა გაიარეს, სადაც ტყის ინვენტარიზაციის ტექნიკურ პროცესებს გაეცნენ, შეისწავლეს ის მეთოდოლოგია, რომლის მეშვეობითაც ქვეყნის მასშტაბით ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება. 

,,სატყეო სკოლაში“ მონაწილეობის მიღება მოსწავლეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეეძლოთ. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა," - განმარტავენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში. 

სასწავლო კურსი შემუშავებულია პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia“ ფარგლებში,  კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) თანადაფინანსებით. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.