სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.
შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო იქნებიან.
„პრემიერ-მინისტრმა ძალიან ვრცლად ისაუბრა სასურსათო პროდუქციის ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ესაჭიროება უფრო სიღრმისეული შესწავლა, ვინაიდან ხშირად ფასნამატები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და შესაბამისად, ეს აისახება მომხმარებელზე. სამთავრობო კომისია ამ პროცესის უკეთესი კოორდინაციისთვის შეიქმნა“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
30 დეკემბრის განკარგულებაში რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს გამოქვეყნდა კომისიის შემადგენლობა, რომელშიც არიან:
ირაკლი კობახიძე – საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე მყოფი, კომისიის თავმჯდომარე;
მარიამ ქვრივიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე მყოფი, კომისიის წევრი;
დავით სონღულაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე მყოფი, კომისიის წევრი;
ლაშა ხუციშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პოსტზე მყოფი, კომისიის წევრი;
მიხეილ სარჯველაძე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე მყოფი, კომისიის წევრი;
მამუკა მდინარაძე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მყოფი, კომისიის წევრი;
ლევან ჟორჟოლიანი − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პოსტზე მყოფი, კომისიის წევრი;
ირაკლი ლექვინაძე – სსიპ – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე, კომისიის წევრი;