2023 წელს საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად 442 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 100,000 მოსახლეზე 7 გარდაცვლილი ადამიანით მეტია, ვიდრე ევროკავშირში, - ამის შესახებ კვლევითი ორგანიზაცია ISET-ი იუწყება.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაოსაგზაო შემთხვევების შემცირება ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამ დროს გარდაცვლილი ადამიანები, როგორც წესი, არიან ეკონომიკურად აქტიური ადამიენაბი, რომელთა დაკარგვა სერიოზული დანაკლისია ქვეყნის სამუშაო ძალისთვის, რომელიც ქვეყანაში დოვლათის ძირითადი შექმნელია.  ავტოსაგზაო შემთხვევებში ტრავმირებულები კი მძიმე ტვირთად აწვება ოჯახების ეკონომიკას და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემას. დათვლილია, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობისა და მიღებული ტრავმების შემცირება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნის ეკონომიკის ზრდის მიმართულებით. მათ შორის, ის განაპირობებს ჯანმრთელი ცხოვრების წლების გახანგრძლივებასა და შრომისუნარიანობის ზრდას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ადამიანური კაპიტალის განვითარების კუთხით. ამიტომაც საყოველთაოდ აღიარებულია, რომ საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებას პირდაპირი პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობაზე.

ცნობისთვის, როგორც „საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში" წერია, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობის კლების პროცენტული მაჩვენებელი 2023 წელს 10% იყო, 2025 წელს კი 25% უნდა იყოს 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ავტოავარიების შედეგად 7,921 ადამიანი დაშავდა. იმავე წელს გზებზე 481 მოქალაქე დაიღუპა. გეგმის თანახმად კი, ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის 25%-ით უნდა შემცირდეს.

უნდა შემცირდეს სიმთვრალის, ასევე სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით მომხდარი ავტოავარიების, ასევე ავარიებში დაშავებული ქვეითების რიცხვი.

დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროში უკვე შეიქმნა საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი. 
გეგმაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მომზადდება საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების დაფინანსების სტაბილური სისტემის შექმნის მიზნით წინადადებების/კონცეფციის და ნორმატიული აქტის პროექტი.

2025 წლის მეოთხე კვარტლისთვის, საავადმყოფოებში უნდა დაინერგოს ე.წ. ტრავმის რეესტრის სისტემა და შეიქმნას ელექტრონული სისტემა. გარდა ამისა, ავტო-საგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთათვის  მაღალი ხარისხის სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით დაგეგმილია სასწრაფოს ბრიგადების ტრენინგები.

2025 წლის ბოლოსთვის უნდა განხორციელდეს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალური კამპანია, რაშიც 2 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

"იგივე პერიოდში დაგეგმილია სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალის გაფართოება, ეროვნული ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის დამატებითი განვითარება, ვიდეო-კამერების შესყიდვა და დამონტაჟება, ბავშვთა სავარძლების გამოყენების წამახალისებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, ქალაქ თბილისის მასშტაბით გონიერი სატრანსპორტო სისტემის (ITS) დანერგვა,"- ვკითხულობთ დოკუმენტში.