23 იანვრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება ფიქსირდება. გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ შემოჭრა ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას, ასევე სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებას უკავშირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. კონტროლი ავტომატური სადგურების საშუალებით ხდება. ჰაერის დაბინძურების ხარისხის შესახებ ინფორმაციის მოძიება დაინტერესებულ პირებს ვებგვერდის air.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.

ამ დროის მონაცემებით ჰაერის ხარისხის ინდექსი ცუდად არის შეფასებული თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ახალციხესა და თელავში. თუმცა დედაქალაქში არის უბნები, სადაც აღნიშნული ინდექსი ძალიან ცუდი სტატუსით არის შეფასებული. ჰაერის ხარისხს ძალიან ცუდის სტატუსი აქვს მარნეულშიც.