ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში ეხმაურება. ეპისკოპოსი აცხადებს, რომ ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს. სასულიერო პირი წერს, რომ საქართველო აღმოსავლეთში ევროპის ნამდვილი კარიბჭეა და ჩვენ, არათუ მის გარეთ დგომა, არამედ მასში ყოფნა და მის სრულფასოვან წევრად მყოფობა გვევალება. ეპისკოპოსი ემიჯნება ძალადობას და აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის იგი და ძალადობა დასაგმობია.
,,ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში ილია მართალი წერდა „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება!” ეს სიტყვები კი, იმ უწმინდეს ანდერძს წარმოადგენს რომლის დაცვასაც თაობები შეეწირა!
ჩვენ სამშობლოს სხვა გზა არ ჰქონია, არ აქვს და არ ექნება, ეს არის ჩვენი წინაპრების მიერ არჩეული გზა, რომლიდან გადახვევა არაფერს სასიკეთოს არ მოგვიტანს. ჩვენ ვართ ნაწილი ამ უდიდესი ცივილიზაციისა და კულტურის, ჩვენ ვართ აღმოსავლეთში ევროპის ნამდვილი კარიბჭე და ჩვენ, არათუ მის გარეთ დგომა, არამედ მასში ყოფნა და მის სრულფასოვან წევრად მყოფობა გვევალება, მით უმეტეს რომ ამას ამყარებს ჩვენი სახელმწიფოს კონსტიტუცია და მისი წყარო ქართველი ხალხი!
ჩემი მხრივ ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას ყველა მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა ვისგან მოდის იგი, ძალადობა იმსახურებს დაგმობას!
მე როგორც მღვდელმთავარი და ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე თავს მოვალედ მივიჩნევ აღვიმაღლო ხმა და ვთქვა რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს ნათელ, ევროპულ მომავალს, რომელიც უპირველესად გადის კონსტიტუციის დაცვაზე და რომლის თანახმად საქართველოს სახელმწიფოს მიზანს წარმოადგენს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია!
უფალმა დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და მომადლოს მას წყალობა! ამინ’’- წერს ეპისკოპოსი სოციალურ ქსელში.