საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით,საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 ადამიანი შეადგინა, საიდანაც 2 078 000 (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 836 000 (47 პროცენტი) - კაცი.
ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა (56 პროცენტი) და ქუთაისში (55 პროცენტი), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49 პროცენტი), ხარაგაულის (49 პროცენტი) და საგარეჯოს (49 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.
„მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 000 კაცი (62 პროცენტი) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 000 კაცი (38 პროცენტი) - სოფლად. რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66 პროცენტი), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20 პროცენტი), კახეთის (21 პროცენტი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24 პროცენტი) რეგიონებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთის და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2 პროცენტი.
„საქსტატი“ მოსახლეობის აღწერის მეთოდოლოგიის შესახებაც ავრცელებს ინფორმაციას.
„საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები. მოსახლეობის გამოთვლის მომენტად (აღწერის კრიტიკული მომენტი) განისაზღვრა 13-14 ნოემბრის შუაღამის 12 საათი, რომლის მიხედვითაც განხორციელდა ფაქტების რეგისტრაცია. აღწერის ფარგლებში, მონაცემები შეგროვდა ელექტრონულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა: პირველ ეტაპზე (2024 წლის 14-23 ნოემბერი) გამოყენებული იქნა თვითრეგისტრაციის მეთოდი (CAWI), ხოლო მეორე ეტაპზე (29 ნოემბრიდან - 31 დეკემბერი) - კომპიუტერის დახმარებით პერსონალური ინტერვიუს მეთოდი (CAPI). მოსახლეობის მხრიდან გამოვლენილი მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, თვითრეგისტრაციის შესაძლებლობა დამატებით გაგრძელდა მთელი დეკემბრის განმავლობაშიც.
ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ დასახლებაში ამინდის შესაძლო გაუარესების გამო გართულდებოდა საველე სამუშაოების ჩატარება - მესტიის, ყაზბეგის, ლენტეხის, ნაწილობრივ ახმეტისა (ომალოს ადმინისტრაციული ერთეული) და დუშეთის (გუდამაყრის, მაღაროსკარის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილისა და ხევსურეთის ადმინისტრაციული ერთეულები და ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლები) მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა 2024 წლის სექტემბერში.
აღწერის შედეგების გამოქვეყნება დაგეგმილია ორ ეტაპად: წინასწარი აგრეგირებული შედეგები ხელმისაწვდომი იქნება 2025 წლის 25 ივნისს, რომელიც მოიცავს მოსახლეობის რიცხოვნობას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სქესობრივ და საქალაქო-სასოფლო დასახლებების ჭრილში. აღწერის დეტალური (საბოლოო) შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის ივნისში (შინამეურნეობების საბინაო პირობები, საცხოვრისის ტიპი, შენობის აშენების წელი, ფართობი და ოთახების რაოდენობა, საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეები; მოსახლეობის დემოგრაფიული და სოციალური მახასიათებლები; მოქალაქეობა და ეროვნება, აღმსარებლობა, განათლების დონე, ქორწინების მდგომარეობა, შიდა მიგრაცია და იმიგრაცია, დასაქმება და ეკონომიკური აქტივობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა; მეურნეობების სარგებლობაში არსებული მიწის ფართობი, სასოფლო-სამეურნეო მიწის სტრუქტურა, ერთწლიანი კულტურებით და მრავალწლოვანი ნარგავებით დაკავებული მიწის სტრუქტურა, ხეხილის, ციტრუსის და ვაზის ძირთა რაოდენობა, პირუტყვისა და ფრინველის სულადობა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა)”,- ნათქვამია ინფორმაციაში.