საქართველოს საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოს, მმართველობითი საბჭოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა - შესარჩევმა კომისიამ 8 საუკეთესო კანდიდატი გამოავლინა, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდზე უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება.
ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ აპრილიდან საპენსიო სააგენტოს ახალი მმართველობითი საბჭო ეყოლება.
საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში 2024 წლის ივნისში განხორციელებული ცვლილებების შედეგად შეიქმნა - საპენსიო სააგენტოს მმართველობით სტრუქტურაში არსებული საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების ნაცვლად ჩამოყალიბდა საპენსიო ფონდის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანო - მმართველობითი საბჭო. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების რაოდენობა, პროფესიონალ წევრთა შერჩევის წესები და პროცედურები, მათი განათლების, სამუშაო გამოცდილების დამატებითი კრიტერიუმები და სხვა მოთხოვნები.
მმართველობითი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსი 2024 წლის დეკემბერში გამოცხადდა. ინფორმაცია აღნიშნული კონკურსის შესახებ განთავსებული იყო რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმაზეც.
მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრების შერჩევა განახორციელა შესარჩევმა კომისიამ, რომელიც საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებისა და რამდენიმე დამოუკიდებელი წევრისგან შედგება.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.