2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 6.3 მილიარდ ლარს, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.54 მილიარდ ლარს მიაღწია.

საგულისხმოა, რომ ამ თანხების დიდი ნაწილი, 99% კვლავ კონსერვატიულ ანუ ნაკლებრისკიან პორტფელშია განთავსებული. საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით აკუმულირებული ამონაგებით როგორც ნომინალურ, ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

2023 წლის 6 აგვისტოდან 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა 18.7% შეადგინა, იმავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 16.4% და 14.3% იყო.

იანვრის ბოლოს მდგომარეობით, დინამიკურ პორტფელში აქციების წილი 51.1% იყო, დაბალანსებულში - 30.5%, ხოლო კონსერვატიულში - 16.6%.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 591 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 16 229-მა ადამიანმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 65.8 მლნ ლარი.