საქართველოს მთავრობის საკუთრებაში არსებულმა კომპანია „დელტა მშენებელმა“ 2022 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ პერიოდის განმავლობაში კომპანიის შემოსავალი 25 მილიონი ლარით, 105.6 მილიონ ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, გაუმჯობესდა მოგების მაჩვენებელიც და ის 2022 წელს 5.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 1.8 მილიონი ლარით აღემატებოდა.

„დელტა მშენებელის“ უმსხვილეს პროექტს „ჯარის ქალაქი“ წარმოადგენს, რომელიც თბილისში მახათას მთის მიმდებარედ შენდება. „ჯარის ქალაქი“ თბილისში მახათას მთაზეა განთავსებული. პროექტის თანახმად, აშენდა 7-სართულიანი კორპუსები, რომელშიც 1092 ბინაა განთავსებული. პროექტში სამხედროებს ექნებათ საშუალება, არა საბანკო სესხით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ. საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 200 დოლარი იქნება და სამხედრო მოსამსახურეებს ერთ კვადრატულ მეტრში დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ.

კომპანია „დელტა მშენებელი“ 2011 წელს დაფუძნდა და მისი მფლობელია თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი დელტა. კომპანიის ძირითად საქმიანობას თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, ასევე სამხედრო დანიშნულების ზოგიერთი ინფრასტრუქტურის მშენებლობა წარმოადგენს.