სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც  პაატა ბურჭულაძისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადებებს ეხებოდა მშვიდობიან დამხობასთან დაკავშირებით. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, სულისკვეთებაზე, დამოკიდებულებაზე და ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები.

„თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს, როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის საუბარი სერიოზულად აღვიქვათ. თუმცა, კიდევ ერთხელ, ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს. ისინი გამუდმებით, მთელი ამ წლების განმავლობაში, საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე. მერე რა, რომ არ გამოსდით, მაინც, ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, მათ სულისკვეთებასა და დამოკიდებულებაზე. ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია, სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მისცემს არც მშვიდობიანი და არც არამშვიდობიანი დამხობის საშუალებას. როგორც ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას, მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამის საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე ვპირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ“, -  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს