საფრანგეთში, ქ. პარიზში, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) მიერ ორგანიზებულ კონკურენციის გლობალურ ფორუმზე საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კალანდაძე და ამავე სააგენტოს  სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ქედელიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან – ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

 

„ეკონომიკური  თანამშრომლობისა  და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კონკურენციის შესახებ გამართულ რიგით 23-ე გლობალურ ფორუმზე მოხსენებით წარსდგა ლევან კალანდაძე თემაზე: „კონკურენციის როლი უთანასწორობის დაძლევაში", ხოლო გიორგი ქედელიძემ პრეზენტაცია გააკეთა თემაზე „კონკურენცია სურსათის მიწოდების  ჯაჭვში“.

 

ღონისძიება გახსნა OECD-ის კონკურენციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრედერიკ ჯენიმ. ყოველწლიურად, ფორუმი აერთიანებს მაღალი რანგის კონკურენციის უწყებების წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოდან. მათ შორის, საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციების, ბიზნესის და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. 

 

დღის წესრიგის თანახმად, გაფართოებული დიალოგის ფორმატში,  მთავარი განხილვის საგანს  წარმოადგენდა - კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, საერთაშორისო პრაქტიკის, ტენდენციების, მიღებული შედეგების, გამოწვევის გაზიარება  და სამომავლო, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. მათ შორის, სამუშაო შეხვედრების ფორმატში, მონაწილეებმა მიმოიხილეს - კონცენტრაციების კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები, სურსათის მიწოდების ჯაჭვის შეუფერხებელი მუშაობის სპეციფიკა, რისკ-ფაქტორები და პრევენციული ღონისძიებები“ – ნათქვამია ინფორმაციაში.