საერთაშორისო პენცენტრი (PEN International) საქართველოს მთავრობას მიმართავს დაპატიმრებული პოეტის, ზვიად რატიანის გათავისუფლების მოთხოვნით. პენცენტრი ასევე ითხოვს მსგავსი ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას.
პირველ ივლისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საერთაშორისო პენცენტრი (მუშაობს 1921 წლიდან) და „პენ საქართველო“ (ფუნქციონირებს 1991 წლიდან) წერენ, რომ რატიანს „დაუსაბუთებლად მკაცრი სასჯელი ელის განსხვავებული მოსაზრებების გამო“. განცხადებას ასევე შეუერთდა Pen America-ც.
„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს ცნობილი პოეტი და მთარგმნელი ზვიად რატიანი წინასწარი პატიმრობიდან და უზრუნველყოს მისი უფლება, ჰქონდეს სამართლიანი სასამართლო“, - წერია ერთობლივ განცხადებაში.