ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის და მისი თანმდევი კანონების, ასევე „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის და მისგან გამომდინარე კანონების ამოქმედების ვადების გადავადებაზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, მეათე მოწვევის პარლამენტმა 2024 წლის თებერვალში მიიღო კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ თანმდევ კანონებთან ერთად. მათი მიზანი ექთნების და მეანი-ექთნების საქმიანობის განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა იყო.
კანონი 2025 წლის პირველი იანვრისთვის უნდა ამოქმედებულიყო, მთავრობას კი გარდამავალი მომენტისთვის უნდა მიეღო შესაბამისი კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც 2024 წლის ზაფხულისთვის უნდა ყოფილიყო გამოცემული. ზაზა ლომინაძის განცხადებით, სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო ეს ვერ მოესწრო და კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით, საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების ვადების გადავადების თაობაზე.
„მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კანონის ამოქმედებისთვის დადგენილი გარდამავალი პერიოდი გახანგრძლივდეს იმგვარად, რომ მისი ეტაპობრივი ამოქმედების პირობებში, სრული მზაობა უზრუნველყოფილ იქნეს 2026 წლის 1 სექტემბრისთვის“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
რაც შეეხება „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების შესახებ“ კანონებს და მათგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ვლადიმერ კახაძის ინფორმაციით, ძირითადი მუხლების ამოქმედებისთვის 2025 წლის 1 იანვარი იყო განსაზღვრული, ხოლო გარდამავალი პერიოდისთვის დაიგეგმა მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტების მომზადება და საინფორმაციო ბაზის ჩამოყალიბება.
მისივე თქმით, კანონების სრულყოფილი ამოქმედებისათვის განსაზღვრული დრო საკმარისი არ აღმოჩნდა და იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს უსაფრთხო სამედიცინო მომსახურების პროცესს, არ მოხდეს ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისის მიწოდების რაიმე ფორმით შეფერხება, მოცემულ ეტაპზე მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კანონის ამოქმედებისთვის გარდამავალი პერიოდის 2026 წლის 1 სექტემბრამდე გახანგრძლივება. ამგვარად, „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონში ცვლილების შედეგად, კანონი ძალაში 2026 წლის 1 სექტემბრიდან შევა.
კომიტეტმა ასევე იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.