პროევროპულ აქციებსა და ბოლო ორ კვირაში მომხდარ ძალადობაზე საკუთარ აზრს გამოთქვამენ სასულიერო პირებიც, ზოგი - ამბიონიდან, ზოგი - ინტერნეტში, ზოგიც - აქციებზე. რადიო თავისუფლება თბილისის სამების ტაძრის არქიმანდრიტს შიო კვარაცხელიას ესაუბრა.

- საქართველოში მძიმე და არეული დროა. როგორ შეაფასებთ იმ ძალადობას, რაც ახლა თბილისის ქუჩებში ხდება?

- სრულიად მესმის ახალგაზრდების პროტესტი. ცივილური სამყაროსგან მოწყვეტა საქართველოს მოსახლეობამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ ძალიან უარყოფითად მიიღო. ეს იმის ადეკვატურია, რა განცხადებაც პრემიერმა გააკეთა.

მე ერთმა რამემ დამაფიქრა, ჩემთან რომ მოვიდეს მრევლიდან ვინმე და მკითხოს, მამაო, სად იყავი, როდესაც ქუჩაში წიხლებს მირტყამდნენ, გაზით მწამლავდნენო [რა ვუპასუხო]?.. ამიტომ საჯაროდაც, სოციალურ ქსელშიც ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას - მოსახლეობაზე ძალადობა ყოველგვარ ზღვარს არის გადასული. არ შეიძლება დაკავებულს წიხლებით შესდგე… მიწაზეა [ადამიანი] დავარდნილი და ათი კაცი კიდევ წიხლს ურტყამს თავში.

- შეიძლება თქვას, მიბრძანეს და ვასრულებო.

- ჭეშმარიტებაზე წინ საკუთარი უსაფრთხოება და სიმაძღრე არ უნდა დააყენო.

- შეიძლება ფიქრობდეს კიდეც, რომ ასეა სწორი?

- თუ შენს საქციელს ქვეყნისთვის ზიანი მოაქვს, სწორი როგორაა? და თუ ვიღაცა ამ ზიანს ვერ ხედავს, ვაი მას. სიმართლეს ყველაზე მეტად დუმილი სძაგს. დღევანდელი დუმილი ხვალ შეიძლება ჯოჯოხეთად იქცეს. კაენის მსხვერპლი რატომ არ შეიწირა ღმერთმა? ხედავდა, რომ ის სულით მკვლელი იყო. რაც არ უნდა დიდი ტაძარი აუშენო ღმერთს, თუ შენი ქვეყნის მოსახლეობას ხოცავ, გაზით წამლავ, სისხლში გაქვს ხელები, ღმერთისთვის ეს კაენის მსხვერპლი იქნება.

- ზოგს მართლაც აქვს ასეთი მიდგომა, ეკლესიას შევწირავ, ფულს ქველმოქმედებაში ჩავდებ და დანაშაულს ასე გამოვისყიდი.

- ფეხი რომ მტკიოდეს და მალამო ხელზე წავისვა, მიშველის? ქრისტიანობის საზომი ტაძრის მშენებლობა არ არის. ქრისტიანობის საზომია, რამდენად სწორად ვექცევით ადამიანებს. ეკლესია ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს უნდა იყოს. ვინც აქციაზე გამოსულებს სასტიკად ეპყრობა, ქრისტეს ეპყრობა ასე.

- მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ევროკავშირის ღირებულებები და ქრისტიანობა ერთმანეთთან შეუთავსებელია.

- იდეალური და სრულყოფილი მხოლოდ ქრისტე და სასუფეველია. დანარჩენი ყველგან არის მეტნაკლებობა. დავაკვირდეთ დღევანდელ სამყაროს. ერთ მხარეს არის დასავლეთი, დემოკრატიული ქვეყნები და მეორე მხარეს დიქტატურული სახელმწიფოები: ირანი, რუსეთი... საუკეთესო ცხოვრების პირობები მაინც დასავლეთშია. რა თქმა უნდა, არც იქაა ყველაფერი მოსაწონი, მაგრამ რაც ღირებულია, ის უნდა ავიღოთ: ადამიანის უფლებები, განათლება, მედიცინა და ასე შემდეგ.

რუსეთმა ავტოკეფალია გაგვიუქმა, სახელმწიფოებრიობა გაგვიუქმა, ჩვენი პატრიარქები ტყვეობაში ჰყავდა. როდესაც რუსმა ეგზარქოსმა საქართველო დაწყევლა და დიმიტრი ყიფიანმა ამხილა, ვნახეთ რაც გაუკეთეს.

[რუსეთს] ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს. თუ ადამიანი ცოტა მაინც ლოგიკურად აზროვნებს, რუსეთში ნომერ პირველ მტერს უნდა ხედავდეს.

- შეიძლება ადამიანი კარგი სასულიერო პირი იყოს, მაგრამ პოლიტიკურ საკითხებში ვერ ერკვეოდეს?

- პოლიტიკაში კომპეტენტურობა მღვდელს არ მოეთხოვება, მაგრამ იმის გონიერება მაინც უნდა ეყოს, ხმა არ ამოიღოს, რამე არასწორი არ თქვას. ყველას თავისი სამოქალაქო პოზიცია აქვს. ჩემთვის არავის აუკრძალავს სიტყვის თქმა და რაც ვთქვი, იმისთვისაც არავის დავუბარებივარ, ასე რატომ თქვიო, მღვდელმთავრებშიც ხომ ხედავთ, როგორი განსხვავებული პოზიციებია.

- ასაკოვანი ხალხის ნაწილი ახალგაზრდობის მეამბოხე სულს ვერ იღებს. როგორც მტერს, ისე უყურებენ.

- ეროვნული მოძრაობის დროს 12-13 წლის ვიქნებოდი. მშობლები დღე და ღამე მიტინგებზე დადიოდნენ, მეც მათთან ვიყავი, ახლა კი ბერი და არქიმანდრიტი ვარ. ის ახალგაზრდები, ვინც იქ დგანან, ვინ იცის, ხვალ ზოგი სასულიერო პირი იქნება, ზოგი ქვეყნის სასახელო შვილი.

„ოთარაანთ ქვრივში“ რომ ამბობს ილია ჭავჭავაძე, ჩემს საყურებელ თვალს ამოვიღებ და შვილის საყურებელი თვალით დავიწყებ ყურებასო, უფროსმა თაობამ ასე უნდა გააკეთოს. უნდა გვესმოდეს მომავალი თაობის. ეს ტაძრები მათთვისაა. თუ მომავალი თაობა ასე დავწამლეთ, ასე უდიერად მოვეპყარით, რისთვის გვინდა ეს ყველაფერი?!

- ამბობენ, რომ ბოლო წლებში ახალგაზრდები ნაკლებად მიდიან ეკლესიაში, ასეა?

- ყველას თავისი დრო აქვს ეკლესიაში მოსვლის. ჩვენს მრევლში ძალიან ბევრია ახალგაზრდაა. ამ მძიმე ჟამს კიდევ მეტი მოვიდა. ვერ ვიტყვი, რომ ახალგაზრდობას რელიგია არ აინტერესებს, პირიქით, ბევრად უფრო ინფორმირებულები, განათლებულები არიან, ბევრად უფრო ჯანსაღად აზროვნებენ. მართალი გითხრათ, უფრო მიადვილდება მათთან ურთიერთობა, რადგან ესმით რასაც აკეთებენ.

- თუ ახალგაზრდობამ ვერ იპოვა ასპარეზი საქართველოში?

- როდესაც ქვეყანას შენი მოქმედება სჭირდება, არ უნდა მიატოვო. ყველაზე დიდი გამარჯვება არის სიმართლის მხარეს დგომა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. მუდმივად თავისუფლებისთვის ბრძოლაში ვიყავით და არ ვჩერდებოდით. ერთადერთ შემთხვევაში გავამართლებ ქვეყნის დატოვებას, თუ წახვალ, განათლებას მიიღებ და მერე ისევ სამშობლოს მოახმარ. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში.

- დიდი ზეწოლაა აქციის მონაწილეებზე, სად იპოვოს ამ ხალხმა მხნეობა, სიმამაცე?

- თავი იმით უნდა გაიმხნეონ, რომ რასაც აკეთებენ, მართალი და სწორია. უარეს დღეში იყვნენ ეროვნული მოძრაობის წევრები. მაშინ როგორი დახურული სივრცე იყო და მაინც არ ნებდებოდნენ. დღეს ბევრად მეტი საშუალებაა ბრძოლისთვის. მსოფლიო გახსნილია, ცივილური სამყარო გვერდით გვიდგას.

- გუშინ, აქციის მონაწილეებმა კუბოში ჩადებული ბიძინა ივანიშვილის ფიტული დაწვეს. კუბოზე, სავარაუდოდ, მაცხოვრის გამოსახულება იყო დატანილი. ასეთი კუბოები უცხოეთში ბევრი იყიდება და ონლაინ გამოწერაც შეიძლება. ამ ამბავს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. თქვენი აზრიც გვაინტერესებს.

- ჯერ ერთი, კუბოზე მაცხოვრის გამოსახულებას რა უნდა? მე რაც ვნახე, ახალგაზრდების მიზანი ქრისტეს დაგმობა არ ყოფილა.

ტაძარშიც რომ მოაქვთ არაკანონიკური ხატი ან ჯვარი, ან დაზიანებული ხატი და ჯვარი, ჩვენც ვწვავთ.

გასაკვირია, რომ აქცენტს ამაზე აკეთებენ და არ გმობენ იმ სისასტიკეს და ძალადობას, რაც დღეს ხდება. ადამიანი მთავარი ღირებულებაა, ეს ტაძრები და ხატები ადამიანებისთვისაა, ახალგაზრდებისთვის, მომავლისთვის.

დღეს ზოგი ამბობს, ორივე მხარეს ჩვენი შვილები დგანან, ეკლესიის შვილებიო. ვინც ასე ძალადობს ნიღაბაფარებული, შეუძლებელია ეკლესიის შვილი იყოს. ნათქვამია, ღმერთს ყველა უყვარს, მაგრამ ყველა არ მოსწონსო. ღმერთს დანამდვილებით არ მოსწონს ის ძალადობა, რაც დღეს ხდება.

- სპეცრაზმელების სიები რომ გავრცელდა, აღმოჩნდა, რომ ფეისბუკზე ბევრს ჯვრების და ტაძრების ფოტოები ედო.

- ჩვეულებრივი ფარისევლობაა. ფარისევლები წესებს ასრულებდნენ, მაგრამ ქრისტე ჯვარს აცვეს.

- ქრისტიანობამ ბევრ იმპერიას გაუძლო და დიდი გამოცდილება აქვს. როგორ ამთავრებენ ხოლმე ძალადობრივი რეჟიმები?

- აი, თუნდაც ასადი, როგორ დაამთავრა? ძალაუფლება კარგია, როცა შენ მართავ და არა, როცა თავად გმართავს ის. იოსებ არიმათიელი თანამდებობის პირი იყო, ქრისტეს ფარული მოწაფე, მაგრამ როდესაც ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნა გახდა საჭირო, განცხადებულად დაიწყო მოქმედება. შიშს სძლია, პილატესგან მაცხოვრის ცხედარი გამოითხოვა და თავის საფლავში დაკრძალა.

ძალაუფლება შენ გმართავს, როდესაც მისი გავლენის ქვეშ ექცევი. ეს დაემართა ჰეროდე მეფეს, რომელმაც ქრისტეს შიშით ყრმები დახოცა. როდესაც თანამდებობის შესანარჩუნებლად ასეთი რაღაცეების გაკეთება შეგიძლია, ჰეროდესავით დაამთავრებ. აღწერილია, როგორი საშინელი სიკვდილით მოკვდა, სხეული შიგნიდან დაულპა და გაეხრწნა.

- ძალიან საინტერესო მაგალითია არიმათიელი, სწორედ კრიზისული პერიოდები გამოაჩენს ხოლმე პიროვნებებს.

  • მადლობა ღმერთს, ჩვენს ქვეყანას ძალიან ბევრი გმირი ჰყოლია. რა თქმა უნდა, ისეთებიც ჰყავს, ვინც ისტორიის არასწორ მხარეს დგას, მაგრამ გახარებული და კმაყოფილი ვარ ახალგაზრდებით, რომ ასეთი გონიერები, ჭკვიანები, შეუპოვრები არიან. ვუსურვებ, მედგრად იდგნენ საქართველოსთვის ბრძოლაში. დგანან კიდეც. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო არ წააგებს, გამარჯვებული გამოვა.

წყარო: რადიო თავისუფლება