ევროკავშირთან პარტნიორობის ფარგლებში, თბილისში ევროპული სკოლის მშენებლობის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, BMG-ის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა. ამილახვარმა განაცხადა, რომ, მიუხედავად რუსული კანონის გამო, EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა, ევროპის სკოლის მშენებლობა არცერთი წამით არ გაჩერებულა.
"არცერთი დღით, არცერთი წამით არ შეჩერებული ევროპული სკოლის მშენებლობა. ჯამში, მისთვის ბიუჯეტიდან დაიხარჯება, დაახლოებით ₾100 მილიონის ოდენობის თანხა. ცენტრალური ბლოკის მშენებლობა, პრაქტიკულად, ფინალურ ეტაპზეა. პარალელურად მიმდინარეობს საერთო საცხოვრებელი კორპუსების სარემონტო სამუშაოებიც.
მუდმივ კავშირში ვართ საელჩოსთან და, მათ შორის, ელჩთანაც. ვფიქრობთ, სამუშაოები, დაახლოებით წლის ბოლოს დასრულდება, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება", - ამბობს ამილახვარი.
მინისტრის თქმით, მშენებლობის პარალელურად, აკადემიური მზადებაც მიმდინარეობს.
"სკოლას უკვე ჰყავს როგორც ქართველი, ასევე საერთაშორისო დირექტორი და საკონსულტაციო ჯგუფი. პარალელურ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს აკადემიური მზადება ავტორიზაციისთვის, პროგრამებისა და მასწავლებლების შერჩევისთვის. ორი პარალელური პროცესი მიმდინარეობს და, რა წამსაც იქნება ამის შესაძლებლობა, სკოლა მყისიერად გაიხსნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არც ერთი მოქმედებით არანაირი სამუშაოები არ შეჩერებულა და, პირიქით, უფრო ინტენსიური გახდა. პროექტი იქნება როლური მოდელი, თუ როგორ უნდა განვითარდეს ზოგადი განათლება საქართველოში", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ლისის ტბის ტერიტორიაზე ევროპის სკოლის კომპლექსის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. ტერიტორიაზე ევროკავშირის სტანდარტების მქონე ევროპული სკოლა და 100 მოსწავლეზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი შენდება. 26 099 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კი პროექტისთვის თბილისის მერიამ გამოყო.
რეგიონში პირველი ევროპული სკოლის მშენებლობა, პირველადი ინფორმაციით, 2023 წლის სექტემბერში უნდა დასრულებულიყო. მაშინ მმართველი პარტიის წარმომადგენლები სკოლას "საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითს" უწოდებდნენ.
წყარო bm.ge